ჰიმალაის მცენარეთა კოლექცია


mtebi

1946 წელს, ბოტანიკური ბაღის აღმოსავლეთ აზიისა და კავკასიის ფლორის საკოლექციო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიაზე, 0,2 ჰა ფართობზე გაშენდა ჰიმალაის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების საკოლექციო ნაკვეთი, რომლის კოლექციაში 1970 წლისათვის ირიცხებოდა ამ რეგიონის 62 მერქნიანი სახეობა და სახესხვაობა. მათ შორის აღსანიშნავი იყო – ჰიმალაის კვიპაროსი (Cupressus torulosa), ჰიმალაის ნაძვი (Picea morinda), ვალიხის ანუ მაღალი ფიჭვი (Pinus walichiana), ჟირალდის ინდიგოფერა (Indigofera gerardiana), შუალედური, ცივი, საუცხოო და სიმონსის სირვაშლები (Cotoneaster affinis, C.frigida, C.congestus, C.simonsii), ინდური კვიდო (Ligustrum indicum), ნეპალის მაჰონია (Mahonia nepalensis), მელია (Melia azederach), პაროთიოპსისი (Parrotiopsis jascusmontiana).

საკოლექციო ნაკვეთში, სხვა ჰიმალაის წარმოშობის მცენარეებთან ერთად დარგულია აგრეთვე ჰიმალაის კედრის (Cedrus deodara) პატარა კორომი.

მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდში, გვალვებისა და წყლის გაუმართავი მიწოდების გამო, კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა და მასიურად გახმა.კოლექციიდან თითქმის სრულიად ამოვარდა ჰიმალაის ნაძვი (Picea morinda),), ჰიმალაის კვიპაროსი (Cupressus torulosa), ვალიხის ანუ მაღალი ფიჭვი ( Pinus walichiana) 1 ეგზემპლარია დარჩენილი, დეიცია (Deutzia crenata), ნეპალის მაჰონია, ცივი, საუცხოო და სიმონსის სირვაშლები, მელია, ნეპალის უცვეთელა (Philadelphus nepalensis), ჟირალდის ინდიგოფერა (Indigofera gerardiana) და სხვა.

მათთან შედარებით, მცირე რაოდენობით დაზიანდა გვალვისაგან ჰიმალაის კედარი, ნაკვეთზე ამ სახეობის ხეები დღესაც მშვენივრად გამოიყურება.

მერქნიან მცენარეთა კოლექციების გასამდიდრებლად პერსპექტიული სახეობებით, ფორმებითა და კულტივარებით ყოველ წელს გაზაფხულზე და შემოდგომით ბაღის სანერგიდან ნაკვეთებზე ირგვება ხე-მცენარეები. ამ კოლექციაში ბოლო დროს დაირგო - Aesculus indica , Evodia henry, Melia azederach , Caragana arborescens ‘Walker’, Pinus parviflora ‘Glauca’ და სხვა.