მარცვლოვან კულტურათა კოლექცია
თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის კაბინეტის პირველმა პლეადამ დიდი ამაგი დასდო ქართველი ხალხის მდიდარი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლას; საქართველოს იშვიათი და გადაშენების პირას მისული ენდემებისა და აბორიგენული, მარცვლოვანი, ფეტვნაირი, პარკოსანი, საზეთე-ბოჭკოვანი კულტურების ჰერბარიუმისა და ცოცხალი კოლექციების შექმნას.
გამოჩენილი, მსოფლიოში აღიარებული, გენეტიკოსთა და სელექციონერთა ქართული სკოლის მამამთავრის, ლეონარდე დეკაპრელევიჩისა და ვლადიმერ მენაბდის მოღვაწეობა უმთავრესად ეხებოდა ამიერკავკასიის, კერძოდ საქართველოს კულტურული ფლორის შესწავლას. მათ, ნ. ვავილოვთან და პ. ჟუკოვსკისთან ერთად დაადგინეს, რომ მსოფლიო ქვეყნებს შორის საქართველო მრავალი კულტურული მცენარის, მათ შორის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო.
ქართული გენეტიკური და სელექციური სკოლის ფუძემდებელმა ლეონარდე დეკაპრელევიჩმა თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობა 1912 წლიდან დაიწყო. მისი ორგანიზებით ბოტანიკური ბაღის სელექციის კაბინეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ცენტრალური სელექციის სადგური, რომლის პირველი დირექტორიც თვითონ იყო. ლეონარდე დეკაპრელევიჩმა გამოიყვანა ხორბლის, სიმინდის, ქერისა და ლობიოს ახალი ჯიშები. მას მიღებული აქვს 8 საავტორო მოწმობა და სხვადასხვა ჯილდოები.
ბოტანიკურ ბაღში მუშაობა, 1923 წელს დაიწყო საქართველოს კულტურული ფლორის გამოჩენილმა მკვლევარმა ვლადიმერ მენაბდემ. 1938 წლიდან მუშაობა გააგრძელა ბოტანიკის ინსტიტუტში, მისი ინციატივით დაარსებულ კულტურული ფლორის განყოფილებაში. მის მიერ გამოყვანილია ხორბლის ოთხი და ქერის ერთი ჯიში. მის მიერ აღწერილია ხორბლის ოთხი (Triticum macha Dek. Ճ Men., Tr. palaeo-colchicum Men., Tr. chaldicum Men., Tr. zhukovsky Men. Ճ Er.) და ღომის ერთი ველური სახეობა (Setaria ketzchovelii Men. Ճ Er.).
თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის კაბინეტის პირველი პლეადის მიერ შექმნილი საქართველოს იშვიათი და გადაშენების პირას მისული მარცვლოვანი (ხორბალი, ქერი, ჭვავი), ფეტვნაირი (ღომი, ფეტვი, ქვრიმა), პარკოსანი (ბარდა, ცერცვი, ცულისპირა, ოსპი, ძაძა, მუხუდო), საზეთე-ბოჭკოვანი (სელი) კულტურების უნიკალური კოლექციების ნიმუშები 1914 წლიდან ითესებოდა თბილისის ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთზე, ხოლო 70-იანი წლებიდან ძირითადად ბოტანიკის ინსტიტუტის დიღმის ექსპერიმენტული ბაზის ტერიტორიაზე.
ბოლო წლებში რამდენჯერმე მოხდა ბოტანიკის ინსტიტუტისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის რეორგანიზაცია, გაუქმდა დიღმის ექსპერიმენტული ბაზა. მიმდინარე რეფორმების შედეგად განადგურდა კულტურულ მცენარეთა ცოცხალი კოლექციების და საჰერბარიუმო ნიმუშების დიდი ნაწილი.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ილიას სახ. უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექციისა და ბოტანიკური ბაღის კოლექტივის მხარდაჭერით, თანადგომით, გადარჩეული ნიმუშებიდან ერთეული მარცვლების დათესვით სრულ განადგურებას გადაურჩა აკად. ვლ. მენაბდის საქართველოს ხორბლების კოლექცია, საქართველოს ქერის, ჭვავის, საქართველოს ფეტვნაირი კულტურების (ღომის, ფეტვის, ქვრიმას), პარკოსანი და საზეთე-ბოჭკოვანი კულტურების კოლექციები.
ამჟამად, აღნიშნული კოლექციების და მათი მონათესავე ველური წინაპრების ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი ნაკვეთი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზეა (ხელმძღვანელი ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ინეზა მაისაია), სადაც ყოველწლიურად ითესება:
მარცვლოვანი კულტურების კოლექცია – საქართველოს ხორბლების ენდემური სახეობების ნიმუშები: მახა – Triticum macha Dekapr. Ճ Menabde (12 სახესხვაობა), ჩელტა ზანდური – Triticum timopheevii (Zhuk.) Zhuk. (3 სახესხვაობა), დიკა – Triticum carthlicum Nevski (3 სახესხვაობა), ჟუკოვსკის ხორბალი – Triticum zhukovskyi Menabde Ճ Ericzjan , კოლხური ასლი – Triticum palaeo-colchicum Menabde; ასევე ხორბლის სხვა სახეობების ნიმუშები: გვაწა ზანდური – Triticum monococcum L. (5 სახესხვაობა), ასლი – Triticum dicoccon Schrank (4 სახესხვაობა), რბილი ხორბლის – Triticum aestivum L.-ის სახესხვაობები და ჯიშები (ხულუგო, იფქლი, დოლის პური), თავთუხი – Triticum durum Desf. (ორი სახესხვაობა), სპელტა – Triticum spelta L. (ორი სახესხვაობა), ინგლისური ხორბალი – Triticum tirgidum L., პოლონური ხორბალი – Triticum polonicum L.
ქერი – Hordeum L. (5 სახესხვაობა), ჭვავი – Secale cereale L.;
გარდა მარცვლოვანი კულტურებისა, ითესება პარკოსანი კულტურები: ბარდა – Pisum sativum L., ცერცვი – Vicia faba L., ცულისპირა – Lathyrus sativus L., ოსპი – Lens culinaris Medik., ძაძა – Vigna unguiculata (L.) Walp., მუხუდო – Cicer arietinum L. და საზეთე-ბოჭკოვანი კულტურა სელის – Linum usitatissimum L. კოლექცია.
საქართველოს-კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, საბაზო დაწესებულებად იქცა შავნაბადას მონასტერი, სადაც აღნიშნული კოლექციების ნაწილი ითესება გამრავლების მიზნით, რათა შეიქმნას გარკვეული თესლმარაგი, რომლის დეფიციტია საქართველოში. მიზანი შექმნილი თესლმარაგის საფუძველზე წარმოშობის ადგილზე დაითესოს გადაშენების პირას მისული ჩვენი ენდემური და აბორიგენული კულტურების ნიმუშები. ეს ხელს შეუწყობს, არა მარტო გენოფონდის დაცვას, არამედ ქართველ ხალხში თავისი ტრადიციული თვითმყოფადობის აღდგენას. საქართველოს მარცვლოვანი კულტურების (ხორბლის, ფეტვის, ღომის) კოლექცია დაითესა რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოსა და გურიაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით, ნინო გოცაძისა და ინეზა მაისაიას ავტორობით გამოიცა მონოგრაფია ,,აღვადგინოთ მივიწყებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები“ (თბილისი, 2015). მონოგრაფია ეძღვნება თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის კაბინეტის პირველ პლეადას: ლეონარდე დეკაპრილევიჩის და ვლადიმერ მენაბდის ნათელ ხსოვნას.