მეკლდეურთა საცოცი კლდე

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ლეღვთახევში არსებული ბუნებრივი კლდე მეკლდეურთა სავარჯიშოდ ჯერ კიდევ 1940-იან წლებში შეირჩა და დროთა განმავლობაში მთის სპორტთან დაკავშირებულ ადამიანთა საყვარელ ადგილად იქცა. აქ მომზადება გაუვლიათ და დღესაც ვარჯიშობენ ცნობილი მეკლდეურები და მთამსვლელები. ბევრი მათგანის სახელი ცნობილია საზოგადოებისთვის.

„1968 წლის ერთ სისხამ დილას დედაქალაქის სანახავად ჩამოსული ექვსი წლის ბიჭი ბოტანიკურ ბაღში წამიყვანა ბიძაჩემმა — ასეთ რამეს სადღა ნახავ და მერე მადლობასაც კი მეტყვიო.

და მართლაც, უამრავ მაყურებელს შორის გამორჩეულ ადგილზე — ბიძაჩემის კისერზე — შემოსკუპებულმა გამაოგნებელი სანახაობა ვნახე!..
არა, ამას ნამდვილად არ ერქვა კლდეზე ცოცვა.
ეს კლდეზე ცეკვა იყო, რაღაც საკვირველი, არნახული და არსმენილი. როგორი კატისებური მოქნილობით მოძრაობდა ის ერთი განსაკუთრებით, ცეკვავდა მართლაც, ცეკვა-ცეკვით ადიოდა, ისეთ შვერილებს პოულობდა, სხვები რომ ვერ ამჩნევდნენ.
ეს ვინ არის-მეთქი? — ვკითხე ბიძაჩემს.
ვინაო? — თვალებმოწკურულმა ამომხედა.
აი, ის, კლდეზე რომ ცეკვავს-მეთქი.
შენც მოგეწონაო? — გაუხარდა.
ძალიან-მეთქი!
ეგ მიშა ხერგიანია, მაგას ცალი თითით შეუძლია უფსკრულის თავზე დაკიდება და იქ დიდხანს გაძლებაო.“ - წერს მიხეილ მოსულიშვილი.

2000 წელს კლედეზე დამონტაჟდა რკინის კონსტრუქცია, რომელიც დაცვის სისტემის ფუნქციას ასრულებს. თბილისში ეს ერთადერთი სივრცეა, სადაც ვარჯიში მთამსვლელობასა და კლდეზე ცოცვაში ბუნებრივ კლდეზეა შესაძლებელი, რაც მეკლდეურად, თუ მთამსვლელად ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა. ადგილის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმ გარემოებით, რომ იგი ქალაქშივეა და მოსახერხებელია ყოველდღიური ვარჯიშისთვის, ამიტომ იგი წლების მანძილზე ეწყობოდა და სპეციალურად მუშავდებოდა იმისთვის, რომ ყოფილიყო სრულყოფილი საცოცი პარკი. მისი განვითარება დღემდე გრძელდება. 2006 წლიდან აქტიურად იქმნება ახალი საცოცი მარშრუტები და სივრცე პერიოდულად მასპინძლობს სპორტულ შეჯიბრებსა და ფესტივალებს.