პარტერი
1947 წელს თაბორის ქედის ძირში საფუძველი ჩაეყარა მხატვრულ-დეკორატიული ნაკვეთის - პარტერის მშენებლობას, რომლის ავტორი - ლანდშაფტის ცნობილი არქიტექტორი გიორგი მანაგაძე გახლდათ. პარტერის მშენებლობა 9 წელი მიმდინარეობდა და 1956 წელს დასრულდა. აქ გვხვდება ისეთი მერქნიან მცენარეთა კომპოზიციები, როგორებიცაა კვიპაროსი, უთხოვარი, ღვია, სოფორა, ვერცხლისფერი ნაძვი, მაღალი მთის ფიჭვი, ჰიმალაური კედარი ბზა და სხვა.
პარტერის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ იცვლება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ყვავილოვანი მცენარეები, რათა მუდმივად შენარჩუნებულ იქნას მრავალფეროვანი დიზაინი. ყვავილოვან მცენარეებიდან აღსანიშნავია სამფერა ია, ზიზილა, ტიტა, ეუფორბია, პიონი, გეორგინები, ფურისულა, ყოჩივარდა, ოდორატი, პორტულაკები, დეკორატიული დანდური, დეკორატიული კომბოსტი, ზამბახი, ნარგიზი, ვარდები, წვრილყვავილა ქრიზანთემა და ზაფრანა.