კავკასიის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა განყოფილების კოლექცია


mtebi

ევოლუციის განვითარების მანძილზე ადამიანის ცივილიზაციის უარყოფითი ზემოქმედება ბუნებაზე თანდათან იზრდებოდა, რამაც მიგვიყვანა დღე-ვანდელი ეკოლოგიური პირობების მნიშვნელოვან ცვლილებებთან. ყოველივე ამის შედეგია საქართველოს ფლორის ძლიერი უარყოფითი ტრანსფორმაცია-სინანტროპიზაცია, რასაც სასარ-გებლო და ეკონომიკური მნიშვნელობის იშვიათი მცენარეების მრავალფეროვნების რიცხობრივი შემცირება მოჰყვა.

სადღეისოდ მცენარეთა მრავალფეროვნების დაცვა-გადარჩენა მსოფლიო მნიშვნელობის აქტუალური პრობლემაა. საქართველოს თვითმყოფად მცენარეთა მრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლების პირდაპირი მოვალეობაა. საქართველო 1994 წელს შეუერთდა რიოს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციას და აიღო ვალდებულება, დაიცვას და მომავალ თაობებს გადასცეს კავკასიისა და საქართველოს ფლორის უნიკალურ, იშვიათ, ენდემურ და რელიქტურ მცენარეთა მრავალფეროვნება.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კავკასიის იშვიათ და სამკურნალო მცენარეთა განყოფილება, ბუნებრივ პირობებსა და კულტურაში, ახორციელებს სისტემატურ მონიტორინგს, კავკასიისა და საქართველოს იშვიათ და გადაშენებად სახეობის მდგომარეობის შესახებ.განყოფილების კოლექციას საფუძველი ჩაეყარა 1945 წელს, მეყვავილეობის განყოფილების გამგის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ბორის სერდიუკოვის ხელმძღვანელობით. მან პირველმა დაიწყო კავკასიის ფლორის მოყვავილე დეკორატიული, ბალახოვანი მცენარეების კოლექციის შექმნა.

1974 წელს, უფროს მეცნიერ თანამშრომლის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის დავით მანჯავიძის ინიციატივით, დაიწყო კავკასიის იშვიათი, გადაშენებადი, რელიქტური, ენდემური ხეებისა და ბუჩქების კოლექციის ჩამოყალიბება.

1985 წელს ბაღის დირექტორმა მამია გოგოლიშვილმა გააერთიანა და ჩამოაყალიბა საქართველოს ფლორის იშვიათი და გადაშენებადი სახეობების კოლექცია, რომლის ბაზაზე გაიხსნა ფლორისა და ბუნების დაცვის განყოფილება, გამგედ დაინიშნა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნოე რატიანი. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალი ექსპედიცია საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობების გამოსავლენად და კოლექციის გასამდიდრებლად.

1989 წელს, კავკასიის ფლორისა და ბუნების დაცვის განყოფილებას სახელწოდება შეეცვალა და ეწოდა კავკასიის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა განყოფილება. განყოფილების გამგედ არჩეულ იქნა ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლამარა ასიეშვილი.

2007 წელს, სამეცნიერო განყოფილების რეორგანიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა კავკასიის იშვიათი და სამკურნალო მცენარეების განყოფილება, სადაც პრიორიტეტული ადგილი დაიკავა იშვიათი და გადაშენებადი მცენარეების შესწავლამ. განყოფილებას დღემდე ხელმძღვანელობს ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლამარა ასიეშვილი.

განყოფილების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთი, სადაც მიმდინარეობს იშვიათი და გადაშენებადი მცენარეების გამოცდა, მდებარეობს ბოტანიკური ბაღის სამხრეთ ნაწილში, თაბორის მთის ძირში, ზღ. დონიდან 480 მ-მდე სიმაღლეზე და უკავია 3 ჰექტარი ფართობი. ნაკვეთს სიგრძეზე ხევი კვეთს. ნაკვეთი ხასიათდება ორიგინალური მდებარეობით, ტერასებით, თარგებით და აუზებით. ნაკვეთი ინტროდუცირებული მცენარეებისათვის წარმოადგენს შესანიშნავ ნაკრძალს, სადაც მცენარეებს ექმნებათ ზრდა-განვითარებისათვის საჭირო პირობები და შექმნილია ხელოვნური ეკონიშები.

ამჟამად საცდელ-საკოლექციო ნაკვეთზე წარმოდგენილია საკვები, დეკორატიული, სამკურნალო, ტექნიკური, ეთერზეთოვანი, თაფლოვანი, ნიადაგმფარავი, როკარიებისათვის გამოსაყენებელი, ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე, იშვიათი ტეროფიტი, მრავალწლოვანი ბალახოვანი და მერქნიანი 600-მდე სახეობის მცენარე. რომლებიც უმთავრესად მიეკუთვნება ხმელთაშუაზღვეთურ, ხმელთაშუამთიანეთის, კავკასიურ, ევროპულ, მცირე აზიურ, ანატოლიურ და სხვა გეოგრაფიულ პროვინციებსა და ოლქებს, მათი უმრავლესობა შესულია წითელ წიგნსა და წითელ ნუსხაში, ზოგიერთი მათგანი კი მსოფლიოს იშვიათ მცენარეთა ნუსხაში მაგალითად: Cyclamen coum, Dioscorea caucasica, Eryngium maritimum, Gleditsia caspia, Hypericum nummularioides, Iridodictyum winogradowii, Iris camillae, I. iberica, Papaver bracteatum.

ნაკვეთზე წლების მანძილზე მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევა, ძირითადად კავკასიისა და საქართველოს ფლორის კრიტიკული გადაშენების წინაშე მდგომ მცენარეების ინროდუქცია, ადაპტაცია-აკლიმატიზაციის პრობლემებზე.

კოლექციაში წარმოდგენილია სხვადასხვა სისტემატიკური და ეკოლოგიური ტაქსონების მდიდარი სპექტრი, დაწყებული ჭაობის ჰიდროფიტი, დაბლობის, მეზოფიტი, დამთავრებული ალპური ქსეროფიტებით და სხვა ფიტოკომპლექსების მრავალფეროვნებით. მათ ლოკალურ პოპულაციებს სრული გაქრობის საფრთხე ემუქრებათ, განსაკუთრებით იმ სახეობებს რომელთა ბუნებიდან გამოტანა მასიური შეგროვებით ხდება კომერციული მიზნებისათვის. მაგ: დეზურას _ Delphinium, ფურისულას _ Primula, გვირილას _ Cyclamen, იორდასალამის _ Paeonia, მაჩიტას - Campanula , ზამბახის _ Iris , ხარისძირას _ Helleborus, ყოჩივარდას _ Cyclamen, თეთრყვავილას _ Galanthus სახეობების იშვიათი დეკორატიული მცენარეები.

მერქნიანებიდან საკვები, იშვიათი მცენარეების სახეობები: ბერყენა _ Pyrus, ტყემალი _ Prunus cerasifera , თხილი _ Corylus, კოლხური ჯონჯოლი _ Staphylea colchica, შინდი _ Cornus Mas L, კრიკინა, უსურვაზი _ Vitis sylvestris, , წაბლი _ Castanea sativa,, მაყვალი _ Rubus fruticosus , ასკილი _ Rosa, ცაცხვი _ Tilia caucasica, ბროწეული _ Punica;

საცდელ-საკოლექციო ნაკვეთზე წლების მანძილზე ადაპტირებულია საკვლევ მცენარეთა მდიდარი მრავალფეროვნება. მათზე გრძელდება ხანგრძლივი მონიტორინგი მათი დაცვა-გადარჩენისა და გამრავლების მიზნით ex situ კონსერვაციის მეთოდით. ex situ კონსერვაცის პირობებში შეისწავლება ენდემური, რელიქტური სახეობები. ბიოეკოლოგია, ონთოგენეზი, მორფოგენეზი, ვეგეტატიური და გენერაციული ორგანოების ცვალებადობა, განვითარების ფენოფაზები, ადაპტაცია. ასევე იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლითაც იზღუდება მათი ნორმალური განვითარება, ნაყოფმსხმოიარობა, თესლის აღმოცენების უნარი, გამრავლების კოეფიციენტი, ადაპტაცია, ბუნებრივი განახლება და სხვ. დაკვირვებები პარალელურად მიმდინარეობს ბუნებრივ პირობებშიც. ინტროდუცირებული იშვიათი სახეობების თესლი ყოველწლიურად იგზავნება მსოფლიოს ბოტანიკურ ბაღებსა და ბიოლოგიურ დაწესებულებებში.

კოლექციაში შედის ზოგიერთი იშვიათი, დომინანტი, ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ენდემური და რელიქტური სახეობები, რომლებიც კარგად ვითარდებიან სუბარიდულ სარტყელში.

ბალახოვნებიდან: კოლხური ყოჩივარდა _ Cyclamen colchicum, იულიას ფურისულა _ Primula juliae, კეცხოველის მიხაკი _ Dianthus ketzkhovelii, ჯავახეთის ხმალა _ Cladiolus dzavakheticus, მრგვალი წამალი _ Gymnospermium smirnowii , თეთრობის კრაზანა _ Hypericum hyssopifolium, ვინოგრადოვის ზამბახი _ Iridodictyum winogradowii, ბზიფის ქონდარა _ Satureja bzybica, კეცხოველის ფამფარულა _ Scorzonera ketzkhowelii, მარკოვიჩის ქოთანა _ Silene marcowiczii, ქონდარა ქოთანა _ Silene pygmaea, ლაგოდეხის ნაღველა _ Gentiana lagodechiana, ქართლის იორდასალამი _ Paeonia carthalinica, კავკასიის იორდასალამი _ Paeonia.caucasica, ლაგოდეხის იორდასალამი _ Paeonia lagodechiana, მაიკოს იორდასალამი _ Paeonia majko, მლოკოსევიჩის იორდასალამი _ Paeonia mlokosewitschii, რუპრეხტის იორდასალამი _ Paeonia ruprechtiana, სტევენის იორდასალამი _ Paeonia steveniana, ვიტმანის იორდასალამი _ Paeonia wittmanniana, ცრუაღმოსავლური ყაყაჩო _ Papaver pseydo-orientale, სამეფო გვიმრა _ Osmunda regalis, კოლხეთის ზამბახი _ Iris colchica, ქართული ზამბახი _ Iris ibérica, ტიმოფეევის ზამბახი _ Iris timofejewii, პრილიპკოს ზამბახი _ Iris prilipkoana, ქართლის ზამბახი _ Iris carthaliniae, ლაზური ზამბახი _ Syphonostylis lazica, ეთიონემა _ Aethionema edentulum, ოლგას ფოლიო _ Scabiosa olgae, ბარბეის ღიღილო _ Psephellus barbeyi, აფხაზეთის ღიღილო _ Psephellus abchasica, არმაზის მაჩიტა _ Campanula armazica, სარმატის მაჩიტა _ Campanula sarmática, კემულარიას მაჩიტა _ Campanula kemulariae, რადეს მაჩიტა _ Campanula raddeana, ბუსკანტურა მაჩიტა _ Campanula alliarifolia, მაღალმთის მაჩიტა _ Campanula trautvetteri, ოშეს მაჩიტა _ Campanula aucheri, კოლენატის მაჩიტა _ Campanula kolenatiana, ატმისფოთოლა მაჩიტა – Campanula persicifolia, კავკასიის შროშანი _ Lilium caucasicum, ქართული შროშანი _ Lilium monodelphum, subsp. geórgica , კავკასიის დიოსკორეა _ Dioscorea caucasica, პონტოს ძირმწარა _ Aristolochia pontica; იბერიის ძირმწარა _ Aristolochia iberica, ალპანის ყაზახა _ Muscari alpanicum , ბეწვყვავილა გლობულარია _ Globularia trichosantha, ეიხლერის ტიტა _ Tulipa eichleri, ბიბერშტეინის ტიტა _ Tulipa biebersteiniana და სხვ., რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ფლორის კვლევისათვის.

მერქნიანებიდან: მარწყვის ხე _ Arbutus andrachne, წყავმაზა _ Osmanthus decorus, რადეს არყი _ Betula raddeana, ჩაქინდრული არყი _ Betula pendula, ლიტვინოვის არყი _ Betula litwinowii, მყრალი ღვია _ Juniperus foetididissima, საკმლის ხე _ Pistacia mutica, თურანულა თურანგი _ Populus euphratica, ლაფანი _ Pterocarya pterocarpa, ჭოროხის მუხა _ Quercus dshorochensis, ჰართვისის მუხა _ Quercus hartwissiana, იმერეთის მუხა _ Quercus imeretina, მაღალმთის მუხა _ Quercus macranthera, პონტოს მუხა _ Quercus pontica, მუხა _ Quercus pedunculiflora, კოლხური ლეპტოპუსი _ Leptopus colchicus, ჩვეულებრივი წაბლი _ Castanea sativa, ქართული თხილი _ Corylus ibérica, ბიჭვინთის ფიჭვი _ Pinus pityusa, ყამბრო _ Crataegus pontica, არმაზის შინდანწლა _ Swida armasica, უხრავი _ Ostrya carpinifolia, ქართული კოწახური _ Berberis ibérica, სახოკიას ბერყენა _ Pyrus sachokiana, ბროწეული _ Punica granatum, უთხოვარი _ Taxus baccata, ქართული თელა _ Ulmus geórgica, თელადუმა, კორპის თელა _ Ulmus suberosa, ქართული ნუში _ Amygdalus geórgica, კრიკინა, უსურვაზი _ Vitis sylvestris, ძელქვა

- Zelkova carpinifolia. ისინი წლების მანძილზე ადაპტირებულნი არიან თბილისის სუბარიდულ სარტყელში.

მრავალი წლის გამოცდილება საშუალებას გვაძლევს მივცეთ რეკომენდაცია მდგრად, ადაპტირებულ, პერსპექტიულ სახეობებს ლანდშაფტურ არქიტექტურაში, მწვანე მშენებლობაში, საკვებ, უალკოჰოლო, სალიქიორე, საკონდიტრო ტექნოლოგიაში, ძვირფასი ბუნებრივი საღებავების, ეთერზეთოვანი, სურნელოვანი და თაფლოვანი მცენარეების სახალხო მეურნეობაში დასანერგად. რაც ჩვენი ეროვნული ფლორის დაცვისა და გადარჩენის გარანტი იქნება.

შექმნილ კოლექციას აქვს შემეცნებითი მნიშვნელობაც, სპეციალისტების, მოსწავლეების, სტუდენტ-ახალგაზრდების, მასწავლებლების და ყველა დაინტერესებულ პირთათვის. ისინი აქ ეცნობიან კავკასიისა და საქართველოს ფლორის იშვიათ, გადაშენებად, ენდემურ, რელიქტურ, ბალახოვან, მერქნიან, მათ შორის „წითელ წიგნებსა“ და წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეებს.

განყოფილების მიზანია, მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ საქართველოსა და კავკასიის უნიკალური თვითმყოფად მცენარეთა მრავალფეროვნება, რაც ბოტანიკური ბაღების მუშაობის მთავარი ამოცანა და სტრატეგიაა. მხოლოდ აქ შეიძლება საქართველოსა და კავკასიის იშვიათი გადაშენებადი სახეობების დაცვა, რომლებიც წარმოადგენენ პოტენციურ ფასეულობას, ბოტანიკური ბაღის სიმდიდრესა და ავტორიტეტს.

განყოფილების თანამშრომლები: ლ. ასიეშვილი, ნ. ერაძე, მ. სირაძე კვლავ აქტიურად აგრძელებენ სამეცნიერო ტრადიციულ კვლევებს კავკასიისა და საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლის, დაცვისა და გადარჩენის პრობლემებზე. ყოველწლიურად ექსპედიციების ჩატარებით ხდება კოლექციის გამდიდრება ახალი საინტერესო იშვიათი, ენდემური და რელიქტური სახეობებით.

ამრიგად, კავკასიისა და საქართველოს უნიკალური ფლორა ისტორიული სიმდიდრე და ძვირფასი გენოფონდია, რომელიც საჭიროებს მუდმივ დაცვა-აღდგენას და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება-განახლებას.