სოფელ მჭადიჯვარში წითელ ნუსხაში შეტანილი ხეხილოვან და კენკროვან მცენარეთა სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, პროექტის “კავკასიაში სოფლის თემების გაძლიერება ხეხილოვანი და კაკლოვანი მცენარეების კონსერვაციის მეშვეობით” ფარგლებში, წითელ ნუსხაში შეტანილი ხეხილოვან და კენკროვან მცენარეთა სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კონსერვაციის განყოფილება დიდი ბრიტანეთის კიუს ბოტანიკური ბაღის ათასწლეულის თესლის ბანკთან თანამშრომლობით, 2018-2021 წლებში დარვინის ფონდის ინიციატივის მიერ დაფინანსებულ პროექტს „კავკასიაში სოფლის თემების გაძლიერება ხეხილოვანი და კაკლოვანი მცენარეების კონსერვაციის მეშვეობით” ახორციელებდა.
პროექტის მიზანი სამეცნიერო-თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს ჩატარება და ადგილობრივ ველურ ხეხილოვან და კაკლოვან მცენარეთა ეკონომიკური სახეობების გადარჩენა იყო.
პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში განხორციელდა. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე წითელ ნუსხაში შეტანილი ხეებისა და ბუჩქების სადემონსტრაციო ნაკვეთი შეიქმნა, რომელზეც 21 სახეობის 61 ნერგი დაირგო, სადაც წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოეწყო.
დასკვნით ნაწილს მჭადიჯვრის საშუალო სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები, ადგილობრივი მოსახლეობა, ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინა დანელია და ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდგომ სოფელს აღნიშნული საკოლექციო ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა, რომლის მოვლასა და პატრონობას, ბოტანიკური ბაღის ჩართულობით, საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.