ჯუმბერ ლომიძის გახსენება




77 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილების მკვლევარი, მთავარი დენდროლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ჯუმბერ ლომიძე.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჯუმბერ ლომიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს

გამოსვენება დიდუბის ეკლესიიდან, შაბათს, 9 იანვარს, 14:00 საათზე.

ჯუმბერ ლომიძემ თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობა 2006 წლიდან დაიწყო, სადაც იგი ჯერ ეკოფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო იმავე წლიდან ლაბორატორიის გამგის პოზიციაზე იქნა გადაყვანილი. 2010 წლიდან ჯუმბერ ლომიძე გახლდათ ბოტანიკური ბაღის ეკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი მერქნიან მცენარეთა ინტროდუქციის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2016 წლიდან ბატონი ჯუმბერი მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილების მკვლევარი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მთავარი დენდროლოგია.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჯუმბერ ლომიძის მოღვაწეობას წინ უძღოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვასილ გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტში ასპირანტურისა და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის პერიოდი. 1992 წლიდან 2006 წლამდე იგი ინსტიტუტის სწავლული მდივანი იყო.

1999 წელს მას მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 2003 წელს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები.

ჯუმბერ ლომიძეს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის მონოგრაფიები და პრაქტიკული რეკომენდაციები იშვიათი და გადაშენებადი (ძელქვა, უთხოვარი, უხრავი) მერქნიანი სახეობების პლანტაციების გაშენების ტექნოლოგიების საკითხებზე, მიღებული აქვს მონაწილეობა დენდროლოგიის, მეტყევეობისა და მცენარეული მრავალფეროვნების საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციებსა და შეხვედრებში. ბატონი ჯუმბერი გახლდათ არაერთი ახალგაზრდა მკვლევარი-დოქტორანტისა თუ მაგისტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

წლების განმავლობაში სამეცნიერო კვლევის პარალელურად ბატონი ჯუმბერი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში როგორც მოწვეული პროფესორი, კვალიფიცირებული მეტყევე, ნიადაგმცოდნე და ეკოფიზიოლოგი. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტყევეთა ახალგაზრდა თაობის აღზრდაში, რომელთაც თეორიული ცოდნის გადაცემასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც უნერგავდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე წარმოებული ყოველწლიური საველე-პრაქტიკული სწავლების პროცესში.

ბატონი ჯუმბერი კოლეგებთან - ექსპერტ-დენდროლოგებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული თბილისის გამწვანების კონცეფციის საკითხების დამუშავებაში. ამ თვალსაზრისით ღირებული სახელმძღვანელო რესურსია მისი მონაწილეობით გამოცემული ნაშრომი „თბილისის გამწვანებაში გამოყენებული მერქნიან, დეკორატიულ-ბალახოვან მცენარეთა აღწერა ბაღ-პარკების ლანდშაფტურ-ესთეტიკური შეფასება და მათი კეთილმოწყობის ღონისძიებები“.

როგორც ექსპერტი-დენდროლოგი ბატონი ჯუმბერი აქტიურად მონაწილეობდა მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების საექსპერტო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახურს კონსულტაციებს უწევდა ბოლო წლებში ურბანული გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებში. მისი მონაწილეობით განხორციელდა მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენის უნიკალური საპილოტე პროექტი.

ჯუმბერ ლომიძის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავდა საქართველოს ტყეების მერქნიან მცენარეთა მრავალფეროვნებისა და ტყის რესურსების კვლევას, კლიმატის ცვლილების პირობებში საქართველოს სუბარიდული ზონის მერქნიანი სახეობების ზრდის მსვლელობის კანონზომიერებების შესწავლას, ნიდაგისა და ეკოლოგიური ფაქტორების ანალიზს, რასაც იგი იშვიათი და გადაშენებადი სახეოებების გამრავლებისათვის პრაქტიკული რეკომენდაციების შესამუშვებლად იყენებდა.

ბატონი ჯუმბერის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში წარდგენილმა ძალზე აქტუალურმა პროექტებმა არაერთხელ მოიპოვა ფონდის დაფინანსება და წარმატებითაც განხორციელდა: 2009-2011 წლებში ეს გახლდათ პროექტი „საქართველოს სუბარიდული ზონის ტყის გენეტიკური რესურსების თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი. გატყევების მდგრადი მერქნიანი სახეობების შერჩევა და გაშენების აგროწესების დამუშავება“, ხოლო 2013-2015 წლებში - „თბილისის და მისი შემოგარენის გამწვანების ლანდშაფტურ-ესთერტიკური ანალიზი, მცენარეთა მდგრადი ასორტიმენტის შერჩევა და გაშენების ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება“.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი ჯუმბერის ხელმძღვანელობით მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილებაში მიმდინარე მრავალწლიანი სამეცნიერო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თბილისსა და მის შემოგარენში ბუნებრივად გავრცელებული მერქნიან მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლას, თბილისის შემოგარენში სხვადასხვა დროს გაშენებული ტყის კულტურების ხმობის მიზეზების დადგენას, გატყევებისათვის მდგრადი მერქნიანი სახეობების შერჩევას და გაშენების აგროწესების დამუშავებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში წარმოებული ერთ-ერთი საველე გასვლისას, 2019 წლის შემოდგომაზე ბატონი ჯუმბერის ხელმძღვანელობით ბოტანიკური ბაღის მკვლევართა ჯგუფმა ყოფილი თბილისის ეროვნული პარკის ტერიორიაზე აღმოჩინა და აღწერა საქართველოს წითელი ნუსხის მცენარის - რცხილაფოთოლა ძელქვის მანამდე უცნობი საკმაოდ დიდი კორომი, რომლის შესახებ ლიტერატურაში ცნობები არ მოიპოვებოდა. ბატონი ჯუმბერის და მისი ჯგუფის წევრების მიერ ამ საკითხზე ბატონი ჯუმბერის ავადმყოფობამდე მომზადდა პუბლიკაცია, რომელიც მალე დაიბეჭდება ჟურნალში Annals of Agrarian Science. გულდასაწყვეტია, რომ ავადმყოფობის გამო მან ვერ შეძლო ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება.

ბატონი ჯუმბერის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის და ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

მისი ნათელი ხსოვნა დარჩება კოლეგებისა და მეგობრების გულებში.