გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ბოტანიკურ ბაღში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საკრებულო ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და სწორად განვითარების გეგმის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს
სტუმრებმა დაათვალიერეს საკოლექციო ნაკვეთები და ტურისტული მარშრუტები. ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ირინე დანელიასთან ერთად განიხილეს არსებული გამოწვევები და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს
„ ბოტანიკურ ბაღში არიან ადამიანები, რომლებსაც უზარმაზარი ერთგულება და პროფესიონალიზმი გააჩნიათ არამარტო ბაღის, არამედ მთლიანად საქმის მიმართ. აქ უამრავი ექსპონატია, რომელსაც სჭირდება განვითარება. აქ არის სივრცეები, რომლებსაც სჭირდება მოწყობა ვიზიტორებისთვის. შესაბამისად მნახველთა რაოდენობაც გაიზრდება. სამწუხაროდ თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც საეროდ არ ყოფილან ბოტანიკურ ბაღში . მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სიმდიდრე და განძი ძალიან ბევრი ქვეყნის დედაქალაქს არ აქვს. ეს არის ძალიან დიდი რუდუნებით და ძალისხმევით მოსავლელი ადგილი. ეს არ არის მხოლოდ ტერიტორია, ეს არის როგორც ისტორიული, ასევე სამეცნიერო მნიშვნელობის დაწესებულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოტანიკური ბაღს შესაბამისი ყურადღება მივაქციოთ“- განაცხადა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ.