საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ტონინო გუერას სახელობის საერთაშორისო, იტალიურ-ქართულ ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ტონინო გუერას სახელობის საერთაშორისო, იტალიურ-ქართულ ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მხარეთა ერთობლივი თანამშრომლობითა და ძალისხმევით, 1500 კვ. მ ფართობზე „დავიწყებული ხილის ხეივნის“ მოწყობას და მის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს.
„ეროვნული ბოტანიკური ბაღისთვის ძალიან დიდი პატივია იდეის განხორციელებაში ჩართვა და ამ შინაარსის მატარებელი თემატური ბაღის შექმნა. აღნიშნული იდეის განხორციელება ბაღს სძენს არა მხოლოდ ვიზუალურ ან შემეცნებით დატვირთვას, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციასაც ანიჭებს. ბაღის მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა აიღო. ჩვენი სპეციალისტების ჩართულობით, ხეივანი განვითარდება, გაიზრდება და კიდევ უფრო გალამაზდება“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირინე დანელიამ.
2020 წლის 14 ნოემბერს თბილისში, „დავიწყებული ხილის ბაღის“ ანალოგის გასაშენებლად, ტონინო გუერას მეუღლემ, ლორა გუერამ საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცა ნერგების ის ჯიშები, რომლებიც იტალიურ ბაღშია გაშენებული. დაგეგმილია, ბაღი გაჯერებული იყოს ქართული, ენდემური მცენარეების ჯიშებითაც, რომლებიც თბილისურ „დავიწყებულ ხილის ბაღს“ კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ პენნაბილლიში საქართველოს მეგობარმა, იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ „დავიწყებული ხილის ბაღი“ შექმნა და მცენარეთა დავიწყებული ჯიშები დარგო, რომლებსაც სხვადასხვა ხელოვანის სახელი მიანიჭა.
აღნიშნული ბაღი იდეის გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში გაშენებისთანავე მოექცა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ხაზს უსვამენ კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას, ასევე, ფლორისა და ფაუნის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს წარმოაჩენენ.
„დავიწყებული ხილის ხეივნის“ სახით, ბოტანიკურ ბაღს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი გახდება.