ჯიმშერ კერესელიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.



საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენისანი ჯიმშერ კერესელიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯიმშერ კერესელიძემ თბილისის ბოტანიკურ ბაღში მუშაობა 1963 წლიდან მებაღედ დაიწყო, ხოლო 1964 წლიდან საქმიანობა საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით გააგრძელა. იგი 1974 წელს გადაყვანილ იქნეა მეცნიერ-თანამშრომელად, ხოლო 1976 წელს ბოტანიკური ბაღის გაფორმების სექტორის გამგედ. ჯიმშერ კერესელიძე 1977 წლიდან დაინიშნა ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში, ხოლო 1987 წლიდან უძღვებოდა ბაღის სამეცნიერო მიმართულებას. 1997 წლიდან ჯიმშერ კერესელიძე ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, ხოლო 2000-2006 წლებში იყო ბოტანიკური ბაღის დირექტორი. 2006-2016 წლებში ჯიმშერ კერესელიძე მუშაობდა ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე.

ჯიმშერ კერესელიძემ ქვეყნისათვის მძიმე 90-იან წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოტანიკური ბაღის გადარჩენის საქმეში. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა, შეუფერხებლად მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მოხერხდა მცენარეთა კოლექციების შენარჩუნება და განახლება. ბატონი ჯიმშერის დამსახურებით დამყარდა კავშირები ევროპის წამყვან ბოტანიკურ ბაღებთან. იგი ხელმძღვანელობდა არაერთ საერთაშორისო საველე ექსპედიციას და სამეცნიერო კონფერენციას.

ჯიმშერ კერესელიძის თაოსნობით დაარსდა საქართველოს ბოტანიკური ბაღებისა და პარკების ასოციაცია, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე უშუალოდ ხელმძღვანელობდა. მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს ასოციაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საქართველოს ბოტანიკურ ბაღებს.

ჯიმშერ კერესელიძეს გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 6 მონოგრაფია.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჯიმშერ კერესელიძეს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.