ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა



დღეს, საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას.

ახალი ბოტანიკური ცენტრი აერთიანებს ბაღის საქმიანობისათვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს. კომპლექსი მოიცავს:

- მცენარეთა დაცვის ლაბორატორიას - რომელიც უზრუნველყოფს მავნებელ-დაადებათა შესწავლის გაძლიერებას, კონტროლს და საჭირო ღონისძიებების გატარებას.

- შენობაში განთავსდება ქსოვილური კულტურის ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბაღის კოლექციისათვის საჭირო მცენარეების გამრავლებას, იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საკონსერვაციო სტატუსის მქონე მცენარეთა გამრავლებასა და შესაბამისი კოლექციების შექმნაში.

- მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმა ეროვნული თესლის ბანკის გაფართოება და განახლება. იგი სრულად განთავსდება ახალ ბოტანიკურ ცენტრში. თესლის ბანკი მოიცავს თესლის გრძელვადიანი შენახვისათვის საჭირო საიმედო საცავს, სათანადოდ აღჭურვილ ლაბორატორიებსა და მშრალ ოთახს. ეროვნული თესლის ბანკი ჩვენი პარტნიორი ბოტანიკური ბაღების - კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღისა და მისურის ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობით შეიქმნა და განვითარდა. სასიხარულოა, რომ მისი განვითარება შეუქცევად სახეს იღებს.

- ახალ ბოტანიკურ ცენტრში განთავსდება ძირითადი სამეცნიერო განყოფილებები, მათ შეექმნებათ ყველა საჭირო პირობა ეფექტური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის;

- ბოტანიკური ცენტრი გააერთიანებს საზოგადოებსთან ურთიერთობისათვის საჭირო სივრცეებს, ადმინისტარციულ ოფისებს, ასევე ტექნიკური და სამეურნეო დანიშნულების ფართებს.

- ახალი ბოტანიკური ცენტრი გარდა სამეცნიერო-კვლევითი და ადმინისტრაციული სივრცეებისა მოიცავს ეკოსაგანმანთლებლო აქტივობებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას, სასწავლო აუდიტორიას, სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და საკონფერენციო დარბაზს.

ახალი ბოტანიკური ცენტრი საერთო ჯამში განთავსდება 1900მ2-მდე ფართობზე, იგი წარმოდგენილი იქნება ორი ძირითად სართულით, ერთიც მიწისქვეშა თესლის ბანკის საცავით, მწვანე სახურავითა და დამხმარე სამეურნეო ფართების სახით. შენობის არქიტექტურული პროეაქტი დამუშავებულია კომპანია „გრაპას“ მიერ და სრულადაა შერწყმული, როგორც არსებულ ისტორიულ ლანდშაფტთან და რელიეფდთან, ისე გარემომცველ ურბანული გარემოს ხასიათთან.

ცერემონიას დაესწრო ქალაქ თბილისის მერი ბატონი კახა კალაძე, ბოტანიკური ბაღების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს #BGCI გენერალური მდივანი დოქტორი პოლ სმიტი, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი ბოტანიკური ბაღების ხელმძღვანელები, მეგობარი არასამთავრობო და ბოტანიკური დაწესებულებების წარმომადგენლები.