სამუშაო ვიზიტი ბერლინის ბოტანიკურ ბაღში



11 ნოემბრიდან ბერლინის ბოტანიკურ ბაღსა და ბოტანიკის მუზეუმში მიმდინარეობს რეგიონული კვლევითი პროექტის - „ამიერკავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კონსერვაციის ინსტრუმენტების განვითარება“ შემაჯამებელი სემინარი, რომელშიც მონაწილეობენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბოტანიკური ბაღებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები

რეგიონული სემინარით სრულდება 10 წლიანი ერთობლივი მუშაობა, რომელიც კავკასიის მცენარეთა შერჩეული გვარების კვლევასა და მცენარეთა თავისებურებათა შესწავლას, კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების სანდო სამეცნიერო პლათფორმის შექმნას და კავკასიის ბოტანიკური დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად

პროექტის შედეგად უკვე ხელმისაწვდომია ამიერკავკასიის ბოტანიკურ დაწესებულებებში დაცული ჰერბარიუმის ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის ციფრული გამოსახულებები ე. წ. ვირტუალური ჰერბარიუმი. ამ მიზნისათვის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტები აღიჭურვა ტექნიკური საშუალებებით. ბოტანიკური ბაღებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები გადამზადდნენ და ხელი შეეწყო მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. დაიწყო ამიერკავკასიის ფლორის მნიშვნელოვანი გვარების მოლეკულური კვლევა

ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით საქართველოდან რეგიონულ სემინარში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე და მოადგილე თინათინ ბარბლიშვილი, ასევე ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები. სემინარი 16 ნოემბერს სრულდება

ბერლინის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი შეხვდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის დირექტორს ვაჰიდ ფარზალიევს და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორს ანაჰიტ გუკასიანს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობის გაღრმავებისა და 2022 წელს თბილისში დაგეგმილი OPTIMA- ს XVII შეხვედრაში მონაწილეობის საკითხებს. 2020 წლისათვის დაიგეგმა სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგების ვიზიტი საქართველოში

აღსანიშანვია, რომ ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით სემინარის დაწყებამდე, 7-9 ნოემბერს შედგა სამუშაო ვიზიტი უშუალოდ ბერლინის ბოტანიკურ ბაღსა და მუზეუმში გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების უფროსი გიორგი თარხნიშვილი, სამეურნეო და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვალერიან თოფურია და ბოტანიკური ბაღის აგრონომ-დეკორატორი გრიგორი აკოფოვი გაეცნენ ბერლინის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის მუზეუმის (BGBM) კოლექციებს, ორანჟერეებსა და სანერგეებს, ინფრასტრუქტურას, კოლექციების მართვისა და განვითარების სტრატეგიას, საზოგადოებრივ პროგრამებს, ასევე მებაღეობის, მარკეტინგისა და სამეურნეო მიმართულებების მუშაობის პრინციპებს