საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა - Green Expo 2019 გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 მაისს მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართა, რომლის მიზანი საქართველოში საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ცნობილმა სანერგე კომპანიამ და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა
„ტრადიციად ჩამოყალიბებული მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo ბოტანიკურ ბაღში მესამედ იმართება, რომლის მიზანი მებაღეობის, საბაღე კულტურისა და თავად ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციაა.
წელს გამოფენაზე 14-მდე ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც წარმოდგენილები არიან საბაღე ექსპოზიციებით, კულტურული და ხეხილოვანი ნერგებით, სუკულენტებითა და საბაღე ინვენტარით. Green Expo აერთიანებს ყველა იმ სეგმენტს, რაც დაკავშირებულია დეკორატიულ მებაღეობასთან.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მწვანე გამოფენაზე დეკორატიული ექსპოზიციით წარსდგა, რომელიც ბოტანიკური ბაღის ვარდების კოლექციის განახლებას უკავშირდება.
ექსპოზიციამ დამთვალიერებლების განსაკუთრებული მოწონება მოიპოვა.
ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.
ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად კვლავ გრძელდება საზოგადოებრივი ღონისძიებები - ფესტივალებისა და თემატური გამოფენების სახით. წელს გარდა „მწვანე გამოფენისა“ აქ გაიმართება ნაყინის ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი, პურის ფესტივალი, შოკოლადის ფესტივალი და სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ემსახურება, ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, დამთვალიერებელთა მოზიდვას და, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სასიამოვნო განწყობის შექმნას“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ.
მწვანე გამოფენა რიგით მესამედ ჩატარდა და იგი დამთვალიერებლებს, ტრადიციულად, მომავალ წელსაც უმასპინძლებს