დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტყის საერთაშორისო დღისა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ბაღში დამთვალიერებლების დიდ ყურადღებას იპყრობდა.
ფოტოსესიაზე მოწვეულმა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ბენეფიციარებმა ბოტანიკურ ბაღში საქართველოს წითელი ნუსხის მცენარე - უთხოვარი დარგეს. გამოფენის შემდეგ კი საჩუქრად ბაღის სახელით მცენარეები და ფოტოგრაფ - გოგა ჩანადირის მიერ გადაღებული ფოტოები გადაეცათ.
ტყის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ლექცია თემაზე - ‘’ტყის ინვენტარიზაცია საქართველოში’’ და ‘’კოლხური ბზის პრობლემები’’ - რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი - კობა ჩიბურდანიძე და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მერქნიან მცენარეთა კოლექციების განყოფილების ასისტენტ მკვლევარი - ბექა ბერძენიშვილი უძღვებოდნენ.
ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ, აღნიშნა, რომ 21 მარტი ორ მნიშვნელოვან თემას აერთიანებს და ამ თარიღის აღნიშვნა ტრადიციად იქცევა.