ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა კოლექცია

ოთახის მცენარეები, ოდითგანვე დიდი პოპუ-ლარობით სარგებლობდა. მათ დეკორატიულობას განაპირობებდა ყვავილის, ნაყოფის, ვარჯის და ღერო-ფოთლების ორიგინალობა. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეაში გვხვდება 90 ოჯახში გაერთიანებული 300 გვარის 100 სახეობა, მათ შორის 600 კულტივარია, სულ 900-მდე დასახელების მცენარე, რომლებიც ბიოეკოლოგიური თვისებებით ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ორანჟერეაში მსოფლიოს ყველა კუთხის მცენარეები გვხვდება.

კოლექციაში მცენარეები სხვადასხვა ჯგუფებადაა წარმოდგენილი:

1) ფოთოლდეკორატიულები, რომლებიც გამოირჩევიან ფოთლის ფირფიტის ორიგინალური ფორმით და შეფერილობით. მიმზიდველ გარეგნულ იერს ინარჩუნებენ მთელი წლის მანძილზე. ასეთებია: ბეგონია, მონსტერა, კორდილინე, კალათეა, მარანტა, სენეციო, ფიკუსები, დრაცენა, დიფენბახია, ყავის ხე და სხვ. მათი სამშობლოა იაპონია, ჩინეთი, ბრაზილია, მექსიკა, ახალი ზელანდია, ტრ. აფრიკა და სხვ. გამოიყენებიან საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების ინტერიერების დეკორირებისათვის.

2) ყვავილდეკორატიულები – წლის გარკვეულ პერიოდში უნვითარდებათ ლამაზი ფორმის და შეფერილობის ყვავილები – ოთახის ჟასმინი, ჰიბრიდული ამარილისები, ჩინური ვარდი, გლოქსინია, იუსტიცია, კლივია, აფრიკული ია, სურნელოვანი პელარგონიების კულტივარები, სამეფო სტრელიცია, ბილბერგია, ბოლქვოვანი ბეგონიის კულტივარები, ბუნგენვილია და სხვ. მათი სამშობლოა: სამხ. ამერიკა, ინდოეთი, ჩინეთი, სამხ. და დას. აფრიკა, ბრაზილია, პერუ, ინდოეთი, ავსტრალია და სხვ.

3) ყვავილ და ფოთოლდეკორატიულები – ჰემანტუსი, კლივია, ფიტონია, სამეფო სტრელიცია, ფილოდენდრონი, სანსივიერები, სპატიფილუმი და სხვ. მათი სამშობლოა: აფრიკა, კოლუმბია, სამხ. ამერიკა, ფილიპინები, პერუ და სხვ. ეს მცენარეები გამოიყენება, როგორც ცალკე მდგომი, ასევე კომპოზიციების შესაქმნელად სხვა ფოთოლდეკორატიულ კულტურებთან ერთად, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული ინტერიერებისათვის, სადღესასწაულოდ დარბაზებისა და სცენის მოსართავად.

4) დაბალბალახოვნები – კლდის დუმა, ალტერნანტერა, ბროლის ბალახი, ეხევერია, პილეა და სხვ. მათი სამშობლოა: მექსიკა, კოლუმბია, ავსტრალია, კალიფორნია, ტროპ. და სუბტრ. ამერიკა და სხვ. გამოიყენებიან როგორც ნიადაგმფარავი მცენარე და ასევე სხვადასხვა ორნამენტების შესაქმნელად (ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე შეიძლება იყოს ღია გრუნტში და ყინვების დაწყებამდე აუცილებელია მოთავსთდეს თბილ ორანჟერეაში).

5) ამპელური და ხვიარა მცენარეები – სინგონიუმი, სატაცური, ბუგენველია, არისტოლოხია, ცვილისებრი სურო, ტრადესკანცია, ქლოროფიტუმი, ტეტრასტიგმა, კლეროდენდრონი და სხვ. მათი სამშობლოა ჩინეთი, ბრაზილია, მექსიკა, სამხ. და ტროპ. აფრიკა, ინდოეთი და სხვ. გამოიყენებიან ვერტიკალური გამწვანებისას.

6) უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს მცენარეები – რძიანა, კრასულა, ჰავორტია, გასტერია, აგავა, კაკტუსები, დეკორატიული ალოე და სხვ. მათი სამშობლოა ავსტრალია, სამხრ. ამერიკა, მექსიკა, სამხრ. და აღმ. აფრიკა და სხვ. გამოიყენებიან მინი ბაღების და კლდოვანი ნაკვეთების შესაქმნელად (მხოლოდ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში).

7) ჭაობის მცენარეები – ქოლგისებრი პაპირუსი, ამაზონიის ალოკაზია. მათი სამშობლოა ტპოპიკული აზია, მალაის არქიპელაგის კუნძულები, გვინეა, ტროპიკული ამერიკა.

8) ჩრდილისა და ნახევრადჩრდილის მცენარეები – იუსტიცია, კალათეა, მარანტა, ფიტონია, პილეა, ასპიდისტრა, სპატიფილუმი. სამშობლოა – ბრაზილია, პერუ, კოლუმბია, ავსტრალია, იაპონია, ჩინეთი.

ამჟამად კვლავაც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საორანჟერეო მცენარეთა კოლექციის გაზრდა. რომელიც ხდებოდა და ხდება ბაღის დირექციის ხელშეწყობით და იმ ხანგრძლივი გამოცდილების ხარჯზე, რაც გააჩნია ორანჟერეის თანამშრომლებს.