1970 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პარკმშენებლობის განყოფილების გამგის, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის გიორგი მანაგაძის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა იასამნების საკოლექციო ნაკვეთს ე. წ. სირინგარიუმს, რომელსაც დღიდან დაარსებისა ხელმძღვანელობს ბაღის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნონა ანთაძე. სირინგარიუმს ბაღის ჩრდილოეთ ნაწილის ფერდობზე უჭირავს დაახლოებით 1400 მ2-მდე ფართობი. ნერგები ჩამოტანილ იქნა კიევის, მინსკის, მოსკოვის ბოტანიკური ბაღებიდან, ჩერკასის ოლქის მლეევოს საცდელი სადგურის კომბინატიდან (უკრაინა). თავდაპირველად კოლექციაში წარმოდგენილი იყო 90-მდე ჯიშის იასამანი. გასული საუკუნის 90-იან წლებში სხვადასხვა მიზეზების გამო კოლექცია შემცირდა. ამჟამად ნაკვეთზე თავმოყრილია იასამნის 75 ჯიშის 600-მდე ინდივიდი.
კულტურაში არსებობს იასამნის მრავალი ჯიში, რომლებიც ხასიათდებიან ფერთა სიუხვით, ყვავილების ძლიერი და ნაზი არომატით, სიდიდითა და სისავსით (ბუთხუზიანობით), უხვი ყვავილობით. იასამნის გვარის კულტივარების საერთაშორისო რეესტრში 1350-მდე ჯიშია წარმოდგენილი.
იასამნის ბაღური ფორმები ძირითადად შექმნილია უცხოელი სელექციონერების – ვიქტორ და ემილ ლემუანების (საფრანგეთი), იზაბელა პრესტონის (ჩრდილოეთ ამერიკა), ტ. ჰავემეიერის (აშშ), ლუდვიგ შპეტის (გერმანია), ფლორინ სტეპმანის (ბელგია) და სხვათა მიერ. აღნიშვნის ღირსია ცნობილი რუსი ორიგინატორ-მოყვარული ლეონიდ კოლესნიკოვი, რომელმაც გამოიყვანა 300-ზე მეტი ჯიში.
სირინგარიუმში, ახალ კლიმატურ პირობებში მოზარდმა ჯიშებმა, გარეგნულად არ განიცადეს ცვლილებები, მათი მორფოლოგიური აღწერები ემთხვევა სხვა ბოტანიკოსების მიერ შესრულებულ აღწერებს. მათი ფენოფაზების დადგომის ვადები დამოკიდებულია კლიმატურ ფაქტორებზე, განსაკუთრებით ჰაერის ტემპერატურაზე.
იასამნის ჯიშების ყვავილობა თბილისში იწყება აპრილის შუა რიცხვებიდან, იშვიათად აპრილის I დეკადიდან. ყვავილობის ხანგრძლივობა 10-18 დღეა. მათი ყვავილობის დროს, უმეტეს შემთხვევაში, აღინიშნება ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ყვავილობის ხანგრძლივობაზე. ტენიან ამინდში ყვავილობის ხანგრძლივობა გრძელდება, მშრალ და ცხელ ამინდში – მცირდება. აქ თავმოყრილი იასამნის ჯიშები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ყვავილისა და ყვავილედის სიდიდით, ფორმით, შეფერილობითა და ყვავილობის ვადებით, ძლიერი და ნაზი სურნელებით. ყვავილის დიამეტრის ზომები მრავალგვარია: 1,5-დან 2,8 სმ-მდე. ზოგიერთი ჯიშის გვირგვინის ფურცლები შიგნითაა ჩახვეული, ზოგის მომრგვალო და კიდეებაწეულია.
ყვავილობის დაწყების მიხედვით კოლექციაში წარმოდგენილია საადრეო (‘ევანჟელინ’, ‘ბიუფფონ’,‘ბერიე’,‘კონტ კერხოვ’, ‘ჟემჩუჟინა’, ‘მადამ ფრანცისკ მორელ’ და სხვ.), საშუალო (‘მიშელ ბიუხნერ’, ‘მონჟ’, ‘პრეზიდენტ გრევი’, ‘პრინც ბოვო’,‘პრეზიდენტ პუანკარე’,‘მადამ ფლორენ სტეპმან’ და სხვ.) და საგვიანო ჯიშები (‘ტარას ბულბა’, ‘გლორი’, ‘მარკ მიკელი’, ‘მათე დე დომბასლ’, ‘ანდენკენ ან ლუდვიგ შპეტ’ და სხვ.).
სირინგარიუმში ინტროდუცირებულია მარტივ ყვავილებიანი (‘გალინა ულანოვა’, ‘მეჩტა’, ‘მონჟ’, ‘ალექსეი მარესიევ’, ‘ბიუფფონ ’, ‘გლორი’, ‘ანდენკენ ანლუდვიგ შპეტ’ და სხვ.), ნახევრადბუთხუზა (‘კონდორსე’, ‘პრეზიდენტ გრევი’ და სხვ.)და ძლიერ ბუთხუზა ყვავილებიანი ჯიშები (‘ტარას ბულბა’, ‘მიშელ ბუხნერ’, ‘მისს ელლენ უილმოტ’, ‘ალფონს ლავალიე’‘ პრეზიდენტ პუანკარე’, ‘ლავუაზიე’, ‘ობელისკ’ და სხვ.).
მრავალგვარია, ძლიერი და ამავე დროს ნაზი სურნელების კოკრებისა და ყვავილების შეფერილობა – ქათქათა თეთრიდან მეწამულამდე და მუქ იისფერამდე.
მაღალი დეკორატიულობით გამოირჩევიან ჯიშები მუქი შეფერილობის კოკრებით: ‘არტურ უილიამ პოლ’, ‘პრინც ბოვო’,‘პამიატი ა. ტ. სმოლსკოი’, ‘რაჯ კაპურ’, ‘შარლ ჟოლი’, ‘ანდენკენ ან ლუდვიგ შპეტ’, ‘მონჟ’, ‘ოგნი დონბასა’, ‘პამიატ აკადემიკა კ. ი. სატპაევა’ .
ასევე ჯიშები განსხვავდებიან ყვავილედების ფორმის მიხედვით: ვიწრო პირამიდული (‘მადამ ანტუან ბუხნერ’, ‘პრეზიდენტ გრევი’, ‘ოგნი დონბასსა’, ‘მარი ლეგრე’, ‘ჟანნა დარკ’), ფართო პირამიდული (‘გალინა ულანოვა’, ‘მარშალ ფოშ’, ‘კატერინა ჰავემეიერ’, ‘მადამ კაზიმირ პერიე’, ‘კონგო’, ‘მონჟ’, ‘მეჩტა’, ‘დოქტორ მასტერს’), პირამიდული (‘ანდენკენ ან ლუვიგ შპეტ’, ‘მილტონ’, ‘უილიამ რობინსონ’), ფართოკვეცხისებრი (‘ბიუფფონ’,‘კონდორსე’).
განსხვავებულია ყვავილედების ზომები. დიდი ზომის ყვავილედებით (25–30 სმ) გამოირჩევიან: ‘ბერიე’,‘ბოგდან ხმელნიცკი’, ‘კრასავიცა მოსკვი’, ‘ლავუაზიე’, ‘პრეზიდენტ პუანკარე’, ‘გლორი’,‘მადამ ანტუან ბუხნერ’, ‘ფლორა’, ‘ბიუფფონ’ და სხვ., ყველაზე მცირე ზომით: ‘მათე დე დომბასლ’ (17–19 სმ).
დიდი მნიშვნელობა აქვს ჯიშების გამძლეობას მავნებელ-დაავადებების, ყინვების, მზისაგან ფოთლების დაწვის მიმართ. ჩვენს პირობებში ტემპერატურის მნიშვნელოვან დაწევას ადგილი არ ჰქონია. ვეგეტაციის დასაწყისში დაბალმა ყინვებმა /–2,10C/ გავლენა ვერ მოახდინეს ჯიშების გამოზამთრებაზე. შემჩნეულია მცირე რაოდენობის ჯიშებში (‘მადამ ფრანცისკ მორელ’, ‘პრეზიდენტ ლუბე’) მზისაგან ფოთლების სიდამწვრე.
იასამნის ჯიშების გამრავლება ხდება მწვანე კალმებითა და მყნობით, განსაკუთრებით ეფექტურია კვირტით მყნობა. იასამნის დარგვა უკეთესია შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. გვიან გაზაფხულზე დარგვამ შეიძლება შეაფერხოს კვირტების დაბერვის პროცესი, ან დააზიანოს ახლადგაღვიძებული კვირტები.
იასამნის მთელ სავეგეტაციო პერიოდში სჭირდება ნიადაგის 6-7-ჯერ გაფხვიერება, სარეველების მოცილება, ამონაყრის ამოჭრა, სასუქის შეტანა, მორწყვა. მაღალ დონეზე ჩატარებული აგროტექნიკა ხელს უწყობს მცენარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, ამაღლებს მის დეკორატიულ მხარეებს.
იასამანი საუკეთესო მასალას წარმოადგენს დეკორატიულ მებაღეობაში და მწვანე მშენებლობაში. მისგან შეიძლება შეიქმნას საინტერესო ჯგუფური ნარგავები, გაშენდეს ხეივნები, ცოცხალი ღობეები. ამას გარდა, იასამანი ეფექტურ, უაღრესად მხატვრულ ფონს უქმნის ისეთ მრავალწლიან მცენარეებს, როგორიცაა ყაყაჩოები, დელფინიუმები, ზამბახები, ფლოქსები და სხვ.
კოლექციაში არის წარმოდგენილი რამდენიმე ჯიშის თესლიდან მიღებული მცენარეები, რომლებიც სრულიად განსხვავებული არიან საწყისი მასალიდან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ახალი ჯიშის იასამნებთან.
სირინგარიუმში წარმოდგენილი ჯიშების უმრავლესობა ძირითადად მიღებულია ჩვეულებრივი იასამნიდან (Syringa vulgarisL.). კოლექციაში აღინიშნება სხვა სახეობის იასამნის ჯიშებიც, კერძოდ, მეიერის იასამნის (S. meyeriSchn.) ჯიში ‘პალიბინ’, სუმბულისყვავილისებრი იასამნის (S. x hyacinthifloraRehd.) რამდენიმე ჯიში: ‘ბერიე’, ‘ბიუფფონ’, ‘ევანჟელინ’. გარდა ჯიშებისა, სირინგარიუმში არის სხვადასხვა სახეობის იასამნებიც: ამურის (Syringa amurensisRupr.), იაპონური (S. japonicaDecne), პეკინის (S. pekinensisRupr.), სპარსული (S. persicaL.), სპარსული იასამნის სახესხვაობა ფრთისებრ დაჭრილფოთოლა იასამანი (S.persica var. laciniataWest.), რომლებიც ასევე წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ მწვანე მშენებლობაში.