დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და კრის ბლენდფორდის ასოციაციას (CBA - დიდი ბრიტანეთი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. რის საფუძველზეც ბრიტანულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს ბაღის გრძელვადიანი ლანდშაფტური განვითარების გენერალური გეგმა, რაც თავის მხირვ მოიცავს ბოტანიკური ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ლანდშაფტის მოწყობის, მისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის კონცეფციისა და ხედვების შემუშავებას, ასვე ძეგლის განახლებული დოკუმენტაციის მომზადებას შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. შემუშავებული გეგმა იქნება ბაღის რეკონსტრუქციის, ახალი ინფრასტურქტურის მოწყობის, არსებულის განახლების, თემატური კოლქციების, დეკორატიული უბნების შექმნისა და განვითარების სახელმძღვანელო-კონცეპტუალური დოკუმენტი მომდევნო ათწლეულების მანძილზე.
ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტური განვითარების გენერალური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან მაია ბითაძესთან. შეხვედრას დაესწრო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე, დირექტორის მოადგილე თინათინ ბარბლიშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და ბრიტანულ კომპანია კრის ბლენდფორდის ასოციაციის (Chris Blandford &Associates) თავმჯდომარე ენდრიუ კროფტი.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტური განვითარების გენერალური გეგმის მომზადების ძირითადი საკითხები, მოხდა ბოტანიკური ბაღის სივრცითი მოწყობის კონცეფციის ძირითად პრინციპებზე მოსაზრებების გაცვლა. ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელმა წარადგინა მათ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ლანდშაფტის გეგმარების მნიშვნელოვანი პროექტებისა და ბოტანიკური ბაღების წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად შემუშავებული მიდგომები.
ბრიტანულ კომპანია კრის ბლენდფორდის ასოციაციას (Chris Blandford &Associates) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საიტებისათვის ლანდშაფტური გარემოს გრძელვადიანი ხედვებისა და მენეჯმენტის გეგმების შექმნის მდიდარი გამოცდილება აქვს. მის პორტფოლიოში ირიცხება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა:
➢ მენეჯმენტისა და კონსერვაციის გეგმა კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღებისათვის (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი);
➢ „სტოუნჰენჯის გარემოს გაუმჯობესების პროექტი“ (მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისათვის ვიზიტორთა ცენტრის დაგეგმვა, ლანდშაფტის აღდგენა და მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, რომელიც იუნესკოს მიერ აღიარებული იქნა როგორც საუკეთესო პრაქტიკა);
➢ სინგაპურის ბოტანიკური ბაღები - მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, წარდგენა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსზე;
➢ პადუას ბოტანიკური ბაღის გაფართოების გენერალური გეგმა - მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, იტალია;
➢ ველური ბუნების კონსერვაციის ეროვნული პარკის გენ-გეგმა, ბრისტოლი, ბრიტანეთი;
➢ ძველი სამეფო საზღვაო კოლეჯი, გრინვიჩის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, გენერალური გეგმა;
➢ ყვავილების ოკეანე და MOLEWA -ს გენერალური გეგმა, რუიჩანგი, ჩინეთი და მრავალი სხვა.
კრის ბლენდფორდის ასოციაციას ეროვნული ბოტანიკური ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციის საკითხებში პარტნიორობას უწევს გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
"მოხარული ვარ, რომ ასეთი დიდი გამოცდილების მქონე კომპანია და სპეციალისტთა ჯგუფი იწყებს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტის მოწყობის გენერალური გეგმის მომზადებას." განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.