არქიტექტურული ნაგებობები


ისტორიული ნაგებობები (სათავდაცვო კოშკები, ხიდები, საბაღო პავილიონები, ორანჟერეები და სხვადასხვა დანიშნულების შენობები), რომელთა ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბაღის ძველ ნაწილში, წავკისისწყლის მარცხენა ნაპირზე, მდინარეს აყოლებული მთავარი გზის გასწვრივ არის განლაგებული. ყოველი მათგანი სწორად შერჩეული მასშტაბის, მოხდენილი პროპორციების თუ ბუნებრივი სამშენებლო მასალების წყალობით, შესანიშნავადაა მორგებული როგორც ზოგადად ბაღის ბუნებრივ ლანდშაფტს, ისე საკუთარ მიკროგარემოს, რომელსაც ზოგან ნაგებობათა მიმდებარე დეკორატიული მცენარეების პატარა ბაღები, ზოგან კი წყაროები, შადრევნები და მცირე ზომის აუზები ქმნის. ეს სადა, მოკრძალებული, თუმცა სიძველისათვის დამახასიათებელი კეთილშობილური იერით გამორჩეული ნაგებობები დიდწილად განსაზღვრავს დღეს ბოტანიკური ბაღის ისტორიული ნაწილის მხატვრულ სახეს.
ბაღის გაშენების დროინდელი, ანუ გვიან შუა საუკუნეებისა ბაღში მხოლოდ რამდენიმე ნაგებობაა შემორჩენილი. სოლოლაკის ქედის დამრეც ფერდზე მდგარი კვადრატული გეგმარების ორი მაღალი კოშკი თავდაპირველად ბაღის მიმდებარე ნარიყალის ციხის საფორტიფიკაციო სისტემაში იყო ჩართული და სათავდაცვო ფუნქცის ასრულებდა. ასევე ადრეულია წავკისისწყალზე გადებული „ქართული“ აგურით ნაგები ერთმალიანი თაღოვანი ხიდი, რომელიც დღეს თამარის ხიდის სახელით არის ცნობილი. ის უკვე ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილისის გეგმაზეა დატანილი „ოქუანთ ხიდის“ სახელით.
ბაღში დღეს არსებული ისტორიული ნაგებობების ძირითადი ნაწილი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. მათი მშენებლობა ბაღის დირექტორის, თბილისელი გერმანელის, ადოლფ ქრისტიან როლოვის (ბაღს ხელმძღვანელობდა 1889-1919 წლებში) სახელთან არის დაკავშირებული. ამ ხანისაა პატარა ორანჟერეა - ოთხკუთხა აუზს გადაფარებული, რკინის მრუდხაზოვანი კარკასის მქონე შემინული სათბური, განკუთვნილი უმშვენიერესი Victoria Regia-სთვის. 1903-1904 წლებშია აგებული ან რეკონსტრუირებული სალაროსა და ლაბორატორიის, სასტუმროს, მებაღეობის განყოფილებისა და მუზეუმის ერთ - ან ორსართულიანი ნაგებობები, რომლებსაც მსგავსი მასშტაბი, სამშენებლო მასალა და საფასადო გაფორმება აერთიანებს. ყველა მათგანი განეკუთვნება XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული ეკლეკტიზმის რაციონალურ მიმდინარეობას, რომელიც რუსეთის იმპერიაში ე. წ. აგურის სტილის სახელით გახდა ცნობილი. ამ ნაგებობათა მხატვრულ სახეს საერთო ზომიერება, კოხტა პროპორციები, წითელი აგურის მჭიდრო, ლამაზი წყობა, ფასადების ერთნაირი კომპოზიციური აგება და აგურითვე გამოყვანილი მარტივი დეკორი განსაზღვრავს.
ცოტა მოგვიანებით, 1914 წელს ინჟინერ-არქიტექტორ დენისენკოს პროექტით აიგო ბაღის კიდევ ერთი ხიდი, რომელიც ფართო, 32 მეტრიანი თაღოვანი მალითაა გადატყორცნილი ჩანჩქერის თავზე. მწყობრი პროპორციებით, ფორმის სიმსუბუქითა და მოხდენილი რკალური მოყვანილობით გამორჩეული, საქართველოში ერთ-ერთი უადრესი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია შესანიშნავადაა მორგებული ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტს და ჩანჩქერთან ერთად მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაა ქცეული.
ამჟამად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზეა მოქცეული, მუსლიმთა ძველი სასაფლაოს - გორხანას ადგილზეა მოწყობილი, აზერბაიჯანელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. აქ განისვენებენ მოღვაწეები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს და საკუთრივ თბილისის ისტორიასა და კულტურულ ცხოვრებაში - მირზა შაფი ვაზეჰი, მირზა ფათალი ახუნდზადე (ახუნდოვი), ფათალი ხან ხოისკი, ჰასან ბეი აღაევი.
საბჭოთა ხანისა და ბოლოდროინდელმა მიშენება-გადაკეთებამ მნიშვნელოვნად უცვალა ბოტანიკური ბაღის ნაგებობებს თავდაპირველი სახე, თუმცა ყოველი მათაგანი კვლავაც ინარჩუნებეს არა მარტო ისტორიულ, არამედ მხატვრულ ღირებულებასაც.