ტურიზმი


საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე თბილისის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ადგილია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოს რეზიდენტთა, ასევე ქვეყნის სტუმრებს შორის.
ბაღის საუცხოო კოლექციები, ლანდშაფტი, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლებიც სტუმრებში ბაღის მონახულების გადაწყვეტილების მიღებაში ძირითადი როლი უჭირავს.
ვიზიტორებში დიდი მოწონებით სარგებლობს ისეთი სივრცეები, როგორებიცაა ისტორიული არბორეტუმი, იაპონური ბაღი, კულტივარების ბაღი და მიმდებარე ტერიტორია, ჩანჩქერი და თეთრი ხიდი, პარტერი და ღია სადღესასწაულო სივრცე. ძირითადი ტურისტული მომსახურებებიდან, რომლებსაც ბაღი ვიზიტორებს სთავაზობს, აღსანიშნავია გიდის მომსახურება, ზიპ-ლაინ ატრაქციონი და კაფე ბოტანიკურში.
2017 წლის მონაცემებით, ბაღს 258 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, რაც 31,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2018 წლის 11 თვის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი 288 ათასს აღწევს.
ბაღში 2016 წლიდან განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, რომელმაც ბაღში ერთის მხრივ ვიზიტორთა გადაადგილება და ორიენტირება გაამარტივა, ხოლო მეორეს მხრივ ბაღის დათვალიერება გახადა უსაფრთხო და ინფორმატიული. დამონტაჟდა 70-მდე მანიშნებელი და ფირნიშანი, განთავსდა 60-მდე საინფორმაციო დაფა და 20-მდე უსაფრთხოების ნიშანი.
2019 წლიდან დაგეგმილია ელექტრომობილების საშუალებით ბაღის დათვალიერების სერვისის შეთავაზება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტურისტთა მომსახურების დონეს.
ბოტანიკურ ბაღში პერიოდულად ტარდება, როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი, ისე სხვადასხვა თემატიკის გასართობი ღონისძიება და ფესტივალი. ფესტივალებიდან აღსანიშნავია GreenExpo, ყვავილების ფესტივალი, პურის, თაფლისა და საახალწლო ფესტივალები, რაც ბაღში ვიზიტორთა მოზიდვის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია.
ჩვენი მიზანია, სხვადასხვა თემატური ფესტივალის ორგანიზების მეშვეობით, ერთის მხრივ ქალაქის რეზიდენტებსა და სტუმრებს შევთავაზოთ განსხვავებული გარემო და კონტენტი ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად და მეორეს მხრივ მოვახდინოთ ბაღის პოპულარიზაცია და გავზარდოთ ეკონომიკური შემოსავლები ბაღის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.