სამკურნალო მცეანრეთა კოლექცია


სამკურნალო მცენარეთა სექტორი ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვე-ქვედანაყოფია, რომელიც საქმიანობს კავკასიის იშვით, გადაშენებად და სამკურნალო მცენარეთა განყოფილების შემადგენლობაში. თბილისის ბოტანიკურ ბაღში სამკურნალო მცენარეების საფუძვლიანი შესწავლა, რესურსების გამოვლენა, კოლექციების შექმნა და პლანტაციების მოშენება I მსოფლიო ომის წლებში დაიწყო, რაც ფრონტის სამკურნალო მცენარეებით მომარაგებასთან იყო დაკავშირებული. ჩამოყალიბდა ე.წ. ,,სამხედრო ორგანიზაცია“, რომელიც ანხორციელებდა ადგილობრივი ფლორის სამკურნალო მცენარეების შეგროვებას და შესწავლას. შეგროვებული მასალის დიდი ნაწილი ფრონტზე იგზავნებოდა. 1916 წელს სამკურნალო მცენარეების სამეცნიერო კოლექცია უმთავრესად მოიცავდა კავკასიის ფლორის 60 სახეობას. ცალკე იყო წარმოდგენილი საჩვენებელი ექსპოზიციები, სადაც ადგილობრივ მცენარეებთან ერთად ეგზოტური სამკურნალო სახეობებიც იყო წარმოჩენილი. წარმოებდა ცალკეული სამკურნალო კულტურების პლანტაციების შექმნა ბოტანიკური ბაღის გეოგრაფიულ განყოფილებებშიც.
ბოტანიკური ბაღის პირველი დირექტორის ა. როლოვის ინიციატივით გადაწყდა, რომ სამკურნალო მცენარეების ინტენსიურად გამოკვლევის მიზნით, შექმნილიყო სპეციალური სამეცნიერო განყოფილება. 1916 წელს სამკურნალო მცენარეების განყოფილების პირველ გამგედ მოიწვიეს სამკურნალო მცენარეების სპეციალისტი ლეონიდ უტკინი. განყოფილების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ადგილობრივი სამკურნალო მცენარეების, როგორც ფარმაკოპეაში ცნობილი ან ბუნებაში ახლად გამოვლენილის, ასევე ხალხურ მედიცინაში გამოყენებული სამკურნალო მცენარეების, შესწავლა. განყოფილება განაგებდა კოლექციებსა და სანერგეებს როგორც ბაღის ტერიტორიაზე, ისე თბილისის მიდამოებში, ასევე კავკასიის სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბოტანიკური ბაღის გეოგრაფიულ განყოფილებებში, სადაც გამრავლების საკითხების პარალელურად ისწავლებოდა მათი ბიოეკოლოგიური თავისებურებები და აგროტექნიკური მაჩვენებლები. XX ს-ის 30-იანი წლებიდან სამკურნალო მცენარეების მოშენებისადმი ყურადღება შენელდა, რის გამოც თანდათან განადგურდა არსებული კოლექციები, გაუქმდა სამეცნიერო განყოფილება.
XX საუკუნის 70-იან წლებში კვლავ განახლდა ინტერესი სამკურნალო მცენარეების მიმართ. ბაღის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ნინო კახელაძის ინიციატივით ჩამოყალიბდა სამკურნალო მცენარეების სამეცნიერო განყოფილება, რომელსაც ნ. კახელაძე ხელმძღვანელობდა 1971-1990 წლებში. განყოფილებას გააჩნდა სამეცნიერო-ლაბორატორიული კორპუსები და 1000 მ2 ფართობის ორანჟერეა კრწანისის ექსპერიმენტალურ ბაზაზე. აქ საქმიანობდნენ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები: ბოტანიკოს-ინტროდუქტორი, ემბრიოლოგი, ციტოლოგი, ბიოქიმიკოსი, მიკრობიოლოგი, ეთნობოტანიკოსი.
„კლდე-ბაღის“ საცდელ ნაკვეთზე დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ექსპედიციებიდან ჩამოტანილი სამკურნალო მცენარეების კოლექციის ფორმირება. ოფიცინალურ მედიცინაში გამოყენებული მცენარეების გამრავლების მიზნით კრწანისის ექსპერიმენტალურ ბაზაზე ათვისებული იქნა 4 ჰა-მდე ფართობი, პარალელურად დახურულ გრუნტში მიმდინარეობდა სუბტროპიკული და ტროპიკული სამკურნალო მცენარეების კოლექციის ფორმირება, რომელთა რაოდენობა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს 100 სახეობას აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე წლებში ზოგიერთი სახეობის, მათ შორის ალოე, აგავა, სამკურნალო სალბი, თავშავა, პიტნა, როზმარინი სამკურნალო ნედლეული პერიოდულად მიეწოდებოდა ქ. თბილისის ფარმაცევტულ ქარხანას.
პარალელურად განყოფილების მიერ მიმდინარეობდა სამკურნალო თვისებებით გამორჩეული ბოტანიკური სახეობების საწყისი მასალის შეგროვება საქართველოს რეგიონებში და კოლექციების ფორმირება. წარმოებდა მათი ბიოეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა, გამრავლების ხერხების დადგენა, აგროტექნიკური ღონისძიებების შემუშავება. მიმდინარეობდა საკვლევი ობიექტების ბიოქიმიური, ფიტონციდური, ჰისტოქიმიური, ციტოლოგიური, ემბრიოლოგიური, მიკრობიოლოგიური გამოკვლევები. გროვდებოდა თესლები კარპოლოგიური კოლექციისათვის და სამკურნალო მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, რომელთა სახეობრივი შემადგენლობა 500-ს აღემატებოდა. სამკურნალო მცენარეების საკოლექციო ნაკვეთზე იმ დროისათვის წარმოდგენილი იყო 200-მდე სახეობის სამკურნალო მცენარე.
1990-1998 წლებში, ქვეყნისათვის რთულ პერიოდში სამკურნალო მცენარეების განყოფილებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ფლორის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო მცოდნე თამაზ მარდალეიშვილი. ამ მძიმე პერიოდში ბაღს ჩამოერთვა კრწანისის ექსპერიმენტალური ბაზა, შესაბამისად განადგურდა იქ არსებული კოლექციები, მწყობრიდან გამოვიდა ორანჟერეა, მნიშვნელოვნად შემცირდა თანამშრომელთა რაოდენობა. თამაზ მარდალეიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამკურნალო ფლორის შესწავლასთან. მისი ხელმძღვანელობით განყოფილების მეცნიერ თანამშრომელთა მიერ განხორციელდა თბილისის შემოგარენის სამკურნალო მცენარეთა გენოფონდის კრიტიკული შესწავლა და შემუშავდა თბილისის შემოგარენის იშვიათ, გადაშენებად სამკურნალო და დეკორატიულ მცენარეთა დაცვის და აღწარმოების ღონისძიებები.
2000 წელს ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე განყოფილების (სამკურნალო მცენარეების, მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დაგეგმარების) გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი სამეცნიერო განყოფილება, სადაც სამკურნალო მცენარეების განყოფილება სექტორის სახით იქნა შენარჩუნებული. გაერთიანებული განყოფილებისა და სამკურნალო მცენარეების სექტორის ხელმძღვანელად დაინიშნა ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი როზა ბიძინაშვილი, რომელიც 2006 წლიდან კავკასიის იშვიათ, გადაშენებად და სამკურნალო მცეანრეთა განყოფილების სამკურნალო მცენარეთა სექტორის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის ხელმძღვანელი და კოლექციის კურატორია. 2016 წლამდე სამკურნალო მცენარეთა სექტორი ახორციელბდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული და ბუნებრივად მოზარდი სამკურნალო მცენარეების ზრდა-განვითარების თავისებურებათა შესწავლას, ასევე ადგენდა ქართულ ტრადიციულ მედიცინაში გამოყენებული ზოგიერთი მცენარის ბიოეკოლოგიური თავისებურებებსა და მათი კულტივირების პერსპექტივებს. აღსანიშავია, რომ შესწავლილი იქნა გარდაბნის რაიონის სამკურნალო ფლორის სახეობრივი შემადგენლობა და გამოვლინდა კრიტიკული საფრთხის წინაშე მდგომი სახეობები, მოხდა მათი ინტროდუქცია ბოტანიკური ბაღის კოლექციაში.
ამრიგად, სამკურნალო მცენარეთა სექტორი ემსახურება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ფლორის სამკურნალო მცეანრეების სრულყოფილი კოლექციის შემნას, არსებული კოლექციების შევსება-გამდიდრებას, სამკურნალო მცენარეთა ბიოეკოლოგიისა და ზრდა-განვითარების კანონზომიერებების დადგენას ინტროდუქციის პირობებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სექტორი ეწევა ეთნობოტანიკურ კვლევებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხალხურ მედიცინაში გამოყენებული სამკურნალო მცენარეების შესწავლის მიზნით.
სამკურნალო მცენარეთა სექტორში მუშაობენ მთავრი მეცნიერ-თანამშრომლები ნელი ცხადაძე, ხატია ხაიკაშვილი. მებაღეები: იოსებ გოგშელიძე, გრიგოლ აკოფოვი და თეა ინასარიძე.
ამჟამად სექტორი ახორციელებს სამეცნიერო პროექტს ,,თბილისის სახელმწიფო ნაკრძალის (საგურამოს ქედი) სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნების შესწავლა, იშვიათი სახეობების გამოვლენა და მათი ინტროდუქცია“.