საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა 9 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლა.
თბილისში პირველ ყველაზე მასშტაბურ შოკოლადის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, შოკოლადის შადრევნები, ცხელი შოკოლადი და შოკოლადის გლინტვეინი. ფესტივალზე შესაძლებელი იყო საახალწლო თემატიკის შოკოლადების შეძენა და დაგემოვნება. დამთვალიერებელს ასევე ნაძვის ხე, სანტა, ელფი, გრინჩი და ცოცხალი მუსიკა დახვდა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის წიწვოვანი კოლექცია - აღმოსავლური ტუია, ჩვეულებრივი უთხოვარი, კედარი, ფიჭვი და კვიპაროსი.
წიწვოვანი კოლექციის სივრცეში ბოტანიკური ბაღის მიერ სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართა ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულები ბოტანიკური ბაღის ბრენდირებული შოკოლადებითა და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ, აღნიშნა, რომ შოკოლადის ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში პირველად ტარდება და ის ტრადიციად იქცევა.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ ქალაქ თბილისის მერია და შოკოლატერია "არტიზანი". შოკოლადის ფესტივალი 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ღია სადღესასწაულო სივრცეში (Evenet Square) გაიმართა.