2017 წლის 4-5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივნის, პოლ სმიტის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების სტრატეგიული გეგმის ჩარჩო დოკუმენტის მომზადებას. ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა ადგილობრივ სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილეს ბოტანიკური ბაღის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი. ადგილობრივ ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ ბოტანიკური ბაღის, ბოტანიკის ინსტიტუტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. საერთაშორისო პანელის შემადგენლობაში კი ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივანი პოლ სმიტი, კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის დირექტორი რიჩარდ დევერელი, მორტონის არბორეტუმის დენდროლოგიის ცენტრის დირექტორი ჩარლზ კენონი, ჩიკაგოს ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ცოცხალი კოლექციების დოკუმენტაციის დირექტორი ბოის ტანკერსლი, მისურის ბოტანიკური ბაღის აფრიკისა და მადაგასკარის კოლექციების კურატორი ჯორჯ შაცი და ექსპერტი ბოტანიკური ბაღების საკითხებში ენდრიუ ჯეკსონი, რომელიც 2017 წლის დასაწყისიდან კოორდინაციას უწევს დოკუმენტზე მუშაობის პროცესს. შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, შეხვდნენ და გაესაუბრნენ ბაღის სამეცნიერო პერსონალსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს. ბოტანიკური ბაღის სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ორგანიზაციის მისიის ხელახალ განსაზღვრას, 2018-30 წლების სტრატეგიული მიმართულებებისა, მიზნების დადგენას და შეფასების კრიტერიუმების შემშავებას. დოკუმენტში განსაზღვრული იქნება ბაღის შემდგომი განვითარების ძირითადი ეტაპები, ჩასატარებელი რეფორმები და ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც ძირითად წინაპირობებს შექმნის ბაღის შემდგომი განვითარებისათვის.