3 და 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო ქრიზანთემებისა და გეორგინების სხვადასხვა სახეობები, ასევე, შემოდგომის ყვავილები და კომპოზიციები. გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა დაათვალიერეს, როგორც ბოტანიკური ბაღის კოლექცია, ასევე, იმ მსხვილი კომპანიებისა და სათბურების პროდუქცია, რომლებიც თბილისში არსებულ ყვავილების მაღაზიებსა და სალონებს ამარაგებენ. მნახველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ მათთვის საინტერესო მცენარეები და კომპოზიციები. როგორც ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ აღნიშნა, გამოფენა წელს უკვე მეორედ ტარდება და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. „ყვავილების გამოფენა, რომელიც ყოველ შემოდგომაზე იმართება, უკვე ტრადიციად იქცა. გვიხარია, რომ საზოგადოების გამოხმაურება საკმაოდ დიდია. გამოფენის მიზანი იყო, პოპულარიზაცია გაგვეწია შემოდგომის ყვავილებისა და სხვადასხვა კოლექციებისთვის. დღეს, წარმოვადგინეთ 95-მდე ჯიშის ქრიზანთემა, რომლებიც ქრიზანთემების ჯიშთა შორის საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებაა. ბოტანიკურ ბაღში ქრიზანთემების დაახლოებით 150-მდე ჯიშია, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში, მოყვავილე მხოლოდ აქ გამოფენილი ჯიშები გახლავთ. ასევე, გვაქვს 20-მდე ჯიშის გიორგინა. გამოფენაზე სხვა ორგანიზაციებსაც მივეცით საშუალება, წარმოედგინათ თავიანთი მოყვავილე მცენარეეები. ფესტივალებისა და გამოფენების ტრადიციას კვლავაც გავაგრძელებთ და ბოტანიკური ბაღის სტუმრებს მუდამ ექნებათ შესაძლებლობა, ისიამოვნონ ჩვენს საგამოფენო სივრცეში გამართული სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებებით“, - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ. ყვავილების გამოფენა ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში (Event Square) გაიმართა.