ოთახის მცენარეები, ოდითგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მათ დეკორატიულობას განაპირობებდა ყვავილის, ნაყოფის, ვარჯის და ღერო-ფოთლების ორიგინალობა. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეაში გვხვდება 90 ოჯახში გაერთიანებული 300 გვარის 100 სახეობა, მათ შორის 600 კულტივარია, სულ 900-მდე დასახელების მცენარე, რომლებიც ბიოეკოლოგიური თვისებებით ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ორანჟერეაში მსოფლიოს ყველა კუთხის მცენარეები გვხვდება.
კოლექციაში მცენარეები სხვადასხვა ჯგუფებადაა წარმოდგენილი:
1) ფოთოლდეკორატიულები, რომლებიც გამოირჩევიან ფოთლის ფირფიტის ორიგინალური ფორმით და შეფერილობით. მიმზიდველ გარეგნულ იერს ინარჩუნებენ მთელი წლის მანძილზე. ასეთებია: ბეგონია, მონსტერა, კორდილინე, კალათეა, მარანტა, სენეციო, ფიკუსები, დრაცენა, დიფენბახია, ყავის ხე და სხვ. მათი სამშობლოა იაპონია, ჩინეთი, ბრაზილია, მექსიკა, ახალი ზელანდია, ტრ. აფრიკა და სხვ. გამოიყენებიან საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების ინტერიერების დეკორირებისათვის.
2) ყვავილდეკორატიულები – წლის გარკვეულ პერიოდში უნვითარდებათ ლამაზი ფორმის და შეფერილობის ყვავილები – ოთახის ჟასმინი, ჰიბრიდული ამარილისები, ჩინური ვარდი, გლოქსინია, იუსტიცია, კლივია, აფრიკული ია, სურნელოვანი პელარგონიების კულტივარები, სამეფო სტრელიცია, ბილბერგია, ბოლქვოვანი ბეგონიის კულტივარები, ბუნგენვილია და სხვ. მათი სამშობლოა: სამხ. ამერიკა, ინდოეთი, ჩინეთი, სამხ. და დას. აფრიკა, ბრაზილია, პერუ, ინდოეთი, ავსტრალია და სხვ.
3) ყვავილ და ფოთოლდეკორატიულები – ჰემანტუსი, კლივია, ფიტონია, სამეფო სტრელიცია, ფილოდენდრონი, სანსივიერები, სპატიფილუმი და სხვ. მათი სამშობლოა: აფრიკა, კოლუმბია, სამხ. ამერიკა, ფილიპინები, პერუ და სხვ. ეს მცენარეები გამოიყენება, როგორც ცალკე მდგომი, ასევე კომპოზიციების შესაქმნელად სხვა ფოთოლდეკორატიულ კულტურებთან ერთად, საცხოვრებელი და ადმინისტრაციული ინტერიერებისათვის, სადღესასწაულოდ დარბაზებისა და სცენის მოსართავად.
4) დაბალბალახოვნები – კლდის დუმა, ალტერნანტერა, ბროლის ბალახი, ეხევერია, პილეა და სხვ. მათი სამშობლოა: მექსიკა, კოლუმბია, ავსტრალია, კალიფორნია, ტროპ. და სუბტრ. ამერიკა და სხვ. გამოიყენებიან როგორც ნიადაგმფარავი მცენარე და ასევე სხვადასხვა ორნამენტების შესაქმნელად (ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე შეიძლება იყოს ღია გრუნტში და ყინვების დაწყებამდე აუცილებელია მოთავსთდეს თბილ ორანჟერეაში).
5) ამპელური და ხვიარა მცენარეები – სინგონიუმი, სატაცური, ბუგენველია, არისტოლოხია, ცვილისებრი სურო, ტრადესკანცია, ქლოროფიტუმი, ტეტრასტიგმა, კლეროდენდრონი და სხვ. მათი სამშობლოა ჩინეთი, ბრაზილია, მექსიკა, სამხ. და ტროპ. აფრიკა, ინდოეთი და სხვ. გამოიყენებიან ვერტიკალური გამწვანებისას.
6) უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს მცენარეები – რძიანა, კრასულა, ჰავორტია, გასტერია, აგავა, კაკტუსები, დეკორატიული ალოე და სხვ. მათი სამშობლოა ავსტრალია, სამხრ. ამერიკა, მექსიკა, სამხრ. და აღმ. აფრიკა და სხვ. გამოიყენებიან მინი ბაღების და კლდოვანი ნაკვეთების შესაქმნელად (მხოლოდ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში).
7) ჭაობის მცენარეები – ქოლგისებრი პაპირუსი, ამაზონიის ალოკაზია. მათი სამშობლოა ტპოპიკული აზია, მალაის არქიპელაგის კუნძულები, გვინეა, ტროპიკული ამერიკა.
8) ჩრდილისა და ნახევრადჩრდილის მცენარეები – იუსტიცია, კალათეა, მარანტა, ფიტონია, პილეა, ასპიდისტრა, სპატიფილუმი. სამშობლოა – ბრაზილია, პერუ, კოლუმბია, ავსტრალია, იაპონია, ჩინეთი.
ამჟამად კვლავაც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საორანჟერეო მცენარეთა კოლექციის გაზრდა. რომელიც ხდებოდა და ხდება ბაღის დირექციის ხელშეწყობით და იმ ხანგრძლივი გამოცდილების ხარჯზე, რაც გააჩნია ორანჟერეის თანამშრომლებს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებული ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის ფართობი 1000 ჰექტარია. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ თვალსაჩინო სასწავლო-საგანმანათლებლო ობიექტს მასში არსებული მრავალფეროვანი მცენარეულობით. ორანჯერიის განვითარება აუცილებელია თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით, რაც გამოიხატება პირველ რიგში კოლექციაში არსებული მცენარეების შენარჩუნებასა და გამდიდრებაში. ეს ხელს შეუწყობს აგრონომ-დეკორატორებს, მოსწავლე-ახალგაზრდობას, სტუდენტებს, კერძო პირებს, მოყვარულებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია დეკორატიული მეყვავილეობით, კერძოდ, ოთახის მცენარეებით, მათი გამრავლების ხერხებით, მოვლა-პატრონობის საკითხებით, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია.
ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საკოლექციო მცენარეთა ასორტიმენტის გაფართოება-გაზრდა და არსებული მცენარეების რეგისტრაცია- ინვენტარიზაცია. ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეიაში მოზარდი თითოეული მცენარე აღრიცხულია მონაცემთა ბაზაში, სადაც მითითებულია მცენარის ოჯახი, გვარი, სახეობა, კულტივარი, ადგილსაიამყოფელი (ტროპიკული მცენარეთა ორანჟერეა), ზრდის პირობები, დარგვის დრო, საიდან და რა სახით იქნა მიღებული (თესლი, კალამი, ნერგი) მცენარე.
საუკუნეებს მიღმა, საზოგადოებრივი და სავაჭრო ურთიერთობათა განვითარებამ განაპირობა დეკორატიული მცენარეების გარდასახვა საოთახო და საკარმიდამო მცენარეებად, რომლებმაც ფართო გავრცელება ჰპოვეს ახლო და შუა აღმოსავლეთში. მოგვიანებით, ამ უცხო ეგზოტებმა საბერძნეთს და რომს მიაღწიეს. ჩამოტანილი ეგზოტი მცენარეების უმრავლესობა ძირითადად თბილი ქვეყნებიდან იყვნენ. საუკეთესო მებაღეების მოვლა-პატრონობის მიუხედავად, მცენარეთა გარკვეული რაოდენობა იღუპებოდა. ადამიანებს საჭიროებამ უბიძგა შეექმნათ „თავშესაფარი“, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნებოდა ბუნებრივი განათება, წყალი და გათბობა. მოგვიანებით ასეთ „თავშესაფარს“ ზამთრის ბაღი დაერქვა.
1900-1906 წლამდე საარქივო მასალებიდან ცნობილია თბილისის ბოტანიკური ბაღის 7 წლის ანგარიში. 1903 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ცხელი და ზომიერი ქვეყნების საყოფაცხოვრებო მცენარეთა მოშენებას, რომლის კულტივაცია ღია გრუნტის პირობებში შეუძლებელი იყო. აღნიშნული მიზნით თესლი გამოწერილ იქნა ფირმა Haage Schmidt-იდან (ერფრურტი) და Albert Schenk-ისგან (ჰამბურგიდან), ასევე საზღვარგარეთის სხვადასხვა ბოტანიკური ბაღებიდან. 1907 წლის იანვრისათვის კოლექცია ითვლიდა სასარგებლო მცენარეთა ასამდე სახეობას: Anona cherimolia Mill., Coffea mauritiana Lam., Phormium tenax Forst., Ananasa sativa Lindl., Cinnamomum camphora Bluume,Citrus Aurantium L. და სხვ.
მომდევნო წლებში სასარგებლო ტროპიკულ მცენარეთა კოლექცია შეივსო 25 ახალი სახეობით და 1907 წლის იანვრისათვის შეიცავდა 95 სახეობას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ორანჟერეა შეივსო შემდეგი მცენარეებით: Zingiber officinale Bosc., Cycas revoluta Thunb., Ravanela madagascariensis J., Citrus japonica. Thnbg., Caesalpinia gilliesii L., Caesalpinia tinctoria Domb., Dracaena Draco L. Coffea liberica Hiern. და სხვა. ამ პერიოდისათვის საარქივო მასალებიდან ჩანს, თუ როგორ ინტენსიურად ხდებოდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში ახალი, როგორც საორანჟერეო, ისე ხე-მცენარეების შესყიდვა და რეალიზაცია, მაგალითად: ორანჟერეის მცენარეები 1903 წელს გაიყიდა 590 ქოთანი, 1904 წელს – 582 ქოთანი, 1905 წელს – 910 ქოთანი, ხოლო 1906 წელს – 493 ქოთანი.
შემდგომ წლებში, არც ლიტერატურაში და არც საარქივო მასალებში, არ არის შემორჩენილი, თუ რა რაოდენობის მცენარეები იყო წარმოდგენილი ორანჟერეაში, მხოლოდ 1947 წლიდან გრძელდება დახურული გრუნტის ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა კოლექციის გაზრდა-აღრიცხვა.
ორანჟერეას, 1946 წლიდან 1962 წლამდე, ხელმძღვანელობდა თამარ დუმბაძე. 1947 წელს მან დაიცვა დისერტაცია, მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და არჩეულ იქნა უფროს მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. თ. დუმბაძე მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორია. ორანჟერეაში მასთან ერთად მუშაობდა კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და გამოცდილი მებაღე, სალათინ ბაბაკიშევა.
თამარ დუმბაძის გარდაცვალების შემდეგ საფონდო ორანჟერეას 1963 წლიდან ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ქაფიანიძე. უნდა აღინიშნოს, რომ ქაფიანიძის მიერ 1958 წელს ბოტანიკურ ბაღში პირველად იქნა კულტივირებული კასპიის ლოტოსი. 1960 წლისათვის ორანჟერეაში არსებობდა 600-მდე სახეობის მცენარე.
საქართველოში 90-იანი წლების მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღზე და კერძოდ ტროპიკულ ორანჟერეაზე, სადაც მთლიანად განადგურდა არსებული კოლექცია და 1998 წლისათვის ფაქტობრივად აღარაფერი არსებობდა. თბილისში, მცენარეების ასორტიმენტის ფართო მასშტაბით შემოტანა დაიწყო 1996 წელს, ჰოლანდიიდან. ამან განაპირობა ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ორანჟერეის მცენარეთა კოლექცია. ამ პერიოდისათვის ორანჟერეაში მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ნანა ყუბანეიშვილი.
1999 წლიდან შესაძლებელი გახდა გარკვეული აღდგენითი სამუშაოების განხორციელება. შეკეთდა და შეიმინა 150 მ2 ფართობის ძველი ორანჟერეა, მოეწყო პრიმიტიული გათბობა და ენთუზიაზმზე დაყრდნობით, თავიდან დაიწყო კოლექციის შექმნა. მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობდა და 2000 წლისათვის სუბტროპიკული და ტროპიკული საქოთნე კულტურების კოლექციამ 200 სახეობას მიაღწია.
2000 წლის მიწურულს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ“-ს სახით გამოჩნდნენ ჭეშმარიტი მამულიშვილები, რომლებმაც დახმარების ხელი გამოუწოდეს ბოტანიკურ ბაღს და მის კოლექტივს. მათი დახმარებით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1000 მ2 ფართობის ორანჟერეას, სადაც მოეწყო რწყვისა და გათბობის უახლესი სისტემა. ნორმალურმა სამუშაო სიტუაციამ განაპირობა ის, რომ 2003 წლისათვის ორანჟერეაში 700 დასახელების ოთახის მცენარე იქნა წარმოდგენილი.
2002 წლის იანვრიდან 2005 წლის ოქტომბრამდე ორანჟერეის გამგედ დაინიშნა ზურაბ შევარდნაძე, რომელიც თავის ძალას და უნარს კეთილსინდისიერად ახმარდა მისადმი მინდობილ საქმეს.
2005 წლის ოქტომბრიდან ორანჟერეის გამგედ დაინიშნა ნანა ყუბანეიშვილი. უნდა აღინიშნოს ის, რომ ორანჟერეაში მისი მოღვაწეობა იწყება 1959 წლიდან და გრძელდება დღემდე. ნ. ყუბანეიშვილს გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი ბროშურა, ორი მონოგრაფია – „ერთწლოვანი ყვავილოვანი მცენარეები“ და „სამრეწველო და დეკორატიული მეყვავილეობა“.
ნ. ყუბანეიშვილის მიერ, ბორის სერდიუკოვის ხელმძღვანელობით, 1970-1977 წლებში ორი სამეცნიერო თემა დამუშავდა: „ბაღური ზამბახების ბიოლოგიის შესწავლა და თბილისის გამწვანებისათვის ასორტიმენტის შერჩევა“ და ,,შროშანების ბიოლოგიის და აგროტექნიკის შესწავლა თბლისსა და წავკისის პირობებში“.
1977-82 წ. თემა – „კულტურაში ფართოდ გავრცელებული შროშანების ინტროდუქცია და პერსპექტიული ჯიშების გამოვლინება თბილისის გამწვანებისათვის“. ხელმძღვანელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, მელიტა ექვთიმიშვილი.
1984-1988 წ. თემა – „შროშანისებრთა ოჯახში შემავალი ზოგიერთი წარმომადგენლების შესწავლა ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში“. ხელმძღვანელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ნინო კახელაძე.
1989-1993 წ. თემა – „ტრიტონიის ზოგიერთი სახეობებისა და ჯიშის ბიო-ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა თბილისის პირობებში და მათი დანერგვა დეკორატიულ მებაღეობაში“. ხელმძღვანელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მურმან ნიშნიანიძე.
1996-2000 წ. თემა – „თბილისის, ზუგდიდის და ქუთაისის ბოტანიკური ბაღების ყვავილოვან მცენარეთა ასორტიმენტის გაზრდა მნიშვნელოვანი სახეობების და ჯიშების ბიო-ეკოლოგიის შესწავლა და გამრავლების აგროტექნიკური ღონისძიებების შემუშავება“. ხელმძღვანელი ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ჯიმშერ კერესელიძე.
2001-2005 წ. თემა – „თბილისის და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღებში პერსპექტიული დეკორატიული მცენარეების ინტროდუქცია და გამოყენების თანამედროვე პრინციპების შემუშავება“. ხელმძღვანელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ლიანა გვენცაძე.
ლიანა მეტრეველმა მუშაობა დაიწყო ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში 1959 წლიდან მეყვავილეობის განყოფილებაში, შემდეგ იყო მცენარეთა დაცვის ლაბორატორიაში, ხოლო 1999 წლიდან ის მუშაობას აგრძელებს ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეაში ჯერ მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე, ხოლო 2005 წლის დეკემბრიდან წამყვან აგრონომად. აქვს გამოქვეყნებული 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამი ბროშურა, ორი მონოგრაფია: ,,ერთწლოვანი ყვავლოვანი მცენარეები“, ,,სამრეწველო და დეკორატიული მეყვავილეობა“.
ლიანა მეტრეველის მიერ დამუშავდა სამეცნიერო თემატიკით გათვალისწინებული თემები:
1970-75 წ. თემა – „ზოგიერთი ყვავილოვან მცენარეთა მავნებელ-დაავადებანი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დამუშავება“ . ხელმძღვანელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ვერა ბაღათურია.
1070-75 წ. თემა – „გეორგინის მავნებლები და ავადმყოფობანი, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებანი“. ხელმძღვანელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თინა წაქაძე.
1976-79 წ. თემა – „ კულტურული და ველური ვარდების მავნებელ დაავადებანი თბილისსა და მის შემოგარენში“. ხელმძღვანელი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ვერა ბაღათურია.
1980-85 წ. თემა – ,,ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებული ვარდისებრთა ოჯახში შემავალი ბუჩქების მავნებელ-დაავადებები.“ ხელმძღვანელი ირაკლი ხოჯევანიშვილი.
1985-89 წ. თემა – ,,ფოთლოვანი ჯიშების ძირითადი მავნებლების ენტომოფაგები თბილისის ბაღ-პარკებსა და მის შემოგარენის ნარგაობაში.“ ხელმძღვანელი ირაკლი ხოჯევანიშვილი.
1990-95 წ. თემა – „საქართველოს ისტორიული ბაღებისა და პარკების დენდროფლორის სოკოვანი კომპლექსების სისტემატიკურ-ეკოლოგიური გამოკვლევა“. ხელმძღვანელი პროფესორი მირიან გვრიტიშვილი.
1995-2000 წ. თემა – „თბილისის, ქუთაისის და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების ტერიტორიაზე ყვავილოვან მცენარეთა ასორტიმენტის გაზრდა, მათი მნიშვნელოვანი სახეობების, ჯიშების ბიო-ეკოლოგიის შესწავლა და აგროტექნიკური ღონისძიებების შემუშავება. ხელმძღვანელი ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ჯიმშერ კერესელიძე.
2001-2005 წ. თემა – ,,თბილისის და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღებში პერსპექტიული მცენარეების ინტროდუქცია და გამოყენების თანამედროვე პრინციპების შემუშავება“. ბიოლოგიურ ბეცნიერებათა დოქტორი ლიანა გვენცაძე.
ამჟამად ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეაში აგროტექნიკოსად მუშაობს ამირან ბიწაძე.
2016 წლისათვის ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეაში 900-მდე დასახელების თითქმის 5000-მდე რაოდენობის მცენარეა. პრაქტიკული სამუშაოების პარალელურად გრძელდება სამეცნიერო კვლევები – არსებული მცენარეების ბიოეკოლოგიური თავისებურებებისა და ადაპტაციის მექანიზმის შესწავლა, გამრავლებისა და სათანადო აგროტექნიკის საკითხების შემუშავება. ორანჟერეაში სისტემატიურად ტარდება ექსკურსიები ვიზიტორებისათვის, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას გადიან სტუდენტები. ოთახის მცენარეების კოლექცია გამოიყენება ბიოლოგიური პროფილის მქონე სასწავლო დაწესებულებების მეცნიერ თანამშრომელთა მიერ სამეცნიერო თემების დასამუშავებლად.
ამჟამად კვლავაც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს საორანჟერეო მცენარეთა კოლექციის გამდიდრება რომელიც, მივლინებების საშუალებით, ხდებოდა და ხდება ორანჟერეის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ქალაქების (მინსკი, კიევი, ბათუმი) ბოტანიკური ბაღებიდან მცენარეების შემოტანით. 2003 წელს ჩატარდა არსებულ მცენარეთა ინვენტარიზაცია და ზოგიერთი მცენარის გარკვევა-დაზუსტება. ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ორანჟერეაში წარმოდგენილია 90 ოჯახის 200 გვარის და 300 კულტივარის საოთახო მცენარე. სულ 900-მდე დასახელების მცენარე.