საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად, იწყებს ახალ პროექტს - „ეკომონადირე”, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მიერ ქალაქ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას ონლაინ პლატფორმის - iNaturalist საშუალებით. პროექტის ფარგლებში, რომელსაც კონკურსის სახე ექნება, მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამოცხადდება „ფეისბუქის“ და iNaturalist პლატფორმის საშუალებით. iNaturalist ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმაა ბუნების მოყვარულთათვის, რომლის საშუალებითაც ადამიანები სწავლობენ გარემომცველ ბიომრავალფეროვნებას და ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას უზიარებენ. „მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმას რამდენიმე ასეულობით ათასი მომხმარებელი ყავს, საქართველოს მოქალაქეები iNaturalist-ში მცენარეთა აღწერას პირველად შეუერთდებიან ასეთი ორგანიზებული ფორმით. დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობით დიდძალი ინფორმაციის შეგროვებას შევძლებთ. ამ ეტაპზე პროექტი მოიცავს მხოლოდ თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა მრავალფეროვნებას, თუმცა სამომავლოდ მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება. პროექტი ხელს შეუწყობს თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობის გააზრებას. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას შეეძლება წვლილი შეიტანონ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესწავლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტმა მიიღო კონკურსის სახე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გვექნება აქტიური მონაწილეების გარკვეული პრიზებით წახალისების შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ. პროექტის პრეზენტაცია, დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა, სადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა და ასევე საქართველოში GIZ-ის ოფისის ბიომრავალფეროვნების ჯგუფის ხელმძღვანელმა კრისტიან გოენერმა მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. შეხვედრის მეორე ნაწილში კი ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა საკონკურსო პირობებსა და მისი განვითარების ეტაპებზე ისაუბრეს. პროექტი 7 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება და 4 თვე გასტანს. მონაწილეობის მსურველები დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.nbgg.ge/. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის, საქმიანობისა თუ მოქალაქეობის ადამიანს.

იმისათვის რომ მონაწილეებმა შეძლონ პროქტში ჩართვა საჭიროა რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლა:
1. მობილური აპლიკაციის „iNatulasit” ჩამოტვირთვა სმარტფონში. ""ანდროიდებისთვის"" ""აიფონებისთვის""
2. რეგისტრაცია ელ.ფოსტის ან სოციალური ქსელის საშუალებით
3. რეგისტრაციის შემდეგ, პირად გვერდზე პროექტების განყოფილებაში ძებნის ველში “EcoHunter”-ის მითითება, რის შემდეგაც მონაწილეს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს პროექტის წესებს
4. იმისათვის რომ დაკვირვების ფოტო აღმოჩნდეს პროექტში საჭიროა მონაწილემ ატვირთოს ფოტო (პირად გვერდზე მწვანე რგოლი პლუს ნიშნით - New Observation), რამდენიმე წამში მონაწილეს საკუთარი სმარტფონი უჩვენებს კონკრეტული მდებარეობას და GPS მონაცემებს, სადაც ის მიუთითებს მცენარის სახეობას, შემდეგ მონაწილე მიუთითებს პროექტს “EcoHunter” და დაასრულებს ფოტოს ატვირთვას.
5. თუ მონაწილე ყველა საფეხურს წარმატებით გაივლის, მისი დაკვირვების ფოტო გამოჩნდება პროექტში EcoHunter.

დავალების მიხედვით გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ თარიღებში:
• პირველი დავალების გამარჯვებული - 31 ივლისს;
• მეორე დავალების გამარჯვებული - 31 აგვისტოს;
• მესამე დავალების გამარჯვებული - 28 სექტემბერს;
• მეოთხე დავალების გამარჯვებული - 31 ოქტომბერს;

გამარჯვებული თითოეული დავალების ფარგლებში გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში:
• 1 ადგილი - გააკეთა მეტი აღწერა (most observations) - გადაეცემა GPS ნავიგატორი და ბოტანიკური ბაღის 1 წლიანი აბონიმენტი;
• მე-2 ადგილი - აღწერა მეტი სახეობის მცენარე (most species) - გადაეცემა ვაუჩერი და ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტი;
• მე-3 ადგილი - გააკეთა მეტი სახეობის იდენტიფიცირება (most identifications) - გადაეცემა ვაუჩერი და 6 თვიანი აბონიმენტი;

პროექტის ფინალში გამოვლინდება ის გამარჯვებულები, ვინც მთლიანი პროექტის ფარგლებში განახორციელა ყველაზე მეტი დაკვირვება, აღწერა ყველაზე მეტი მცენარის სახეობა და გაარკვია ყველაზე მეტი სახეობის მცენარე. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს და დაინტერესებულ პირებს სამომავლოდ ძალიან ბევრ საინტერესო, ეკო-საგანმანათლებლო პროექტს პირდება.