საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მოწვევით, 22-23 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) გენერალური მდივანი, დოქტორი პოლ სმიტი ეწვია. ვიზიტის მიზანი - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, როგორც ორგანიზაციის საჭიროებების კვლევისა და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადების პროცესში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ჩართულობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან BGCI-ის წევრია, ხოლო დროებით შეწყვეტილი წევრობის სტატუსი მას 2016 წელს განუახლდა. წლების განმავლობაში ბოტანიკური ბაღი ჩართულია ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტში. ვიზიტის ფარგლებში, დოქტორი პოლ სმიტი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასთან ერთად შეხვდა თბილისის მერს - ბატონ დავით ნარმანიას, სადაც ისაუბრა ბაღის განვითარების სამომავლო გეგმებზე. თბილისის მერია მხარს უჭერს ბოტანიკური ბაღის არსებული საჭიროებების შესწავლას ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს მიერ და განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადებას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წამყვანი ბოტანიკური ბაღების ჩართულობით, პროექტი 2017 წლის პრიორიტეტებში იქნება გათვალისწინებული. დოქტორი პოლ სმიტი ასევე გაუძღვა საჯარო ლექციას თემაზე - „ბოტანიკური ბაღების გლობალური გამოწვევები და BGCI”, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით დოქტორ პოლ სმიტს, რომ გვეწვია და ზრუნავს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კიდევ უფრო უკეთესი მომავლისათვის.