დღეს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი სტუმრობდნენ. მათ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორთან თამაზ დარჩიძესთან ერთად დაათვალიერეს ბაღის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე დამცავი დეკორატიული ჯებირების მოწყობის სამუშაოები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ იწყება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი - წავკისისწყლის ხეობაში სათავგადასავლო მარშრუტის მოწყობა, რაც გულისხმობს ხეობის კეთილმოწყობას, საფეხმავლო, ველობილიკების და ვიზიტორთათვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტით გათვალისწინებულია ბაღში ახალი შემოსასვლელის მოწყობას, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის ბოტანიკურ ბაღში მოხვედრას. წავკისისწყლის შთამბეჭდავი ხეობა, თავისი ღირშესანიშნაობებითა და ახლად შექმნილი ინფრასტრუქტურით გახდება დასვენების საუკეთესო ადგილი ჩვენი თანამოქალაქეებისა და ტურისტებისათვის. პროექტი საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” და პირადად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტი ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო მარშრუტისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს. პროექტის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღს 4 ჰექტარი ტერიტორია შეემატება, ხოლო მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ბოტანიკური ბაღის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას .