დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო აქცია ჩატარდა, რომელიც თავის თავში პრაქტიკულ კომპონენტებსაც შეიცავდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის 40-მდე მოსწავლეს ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე შეხვდა, რომელმაც დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა, შემდეგ კი ბოტანიკური ბაღის არბორეტუმის მცენარეთა კოლექციის კურატორმა ლია ოსიშვილმა ჩაატარა ლექცია თემაზე - ფიჭვისებრთა ოჯახის ზოგადი მიმოხილვა და ელდარის ფიჭვის ეკოსისტემა, რის შემდეგაც პატარა მკვლევარებმა 30 ძირი ელდარის ფიჭვის ნერგი დარგეს. „მოხარულნი ვართ, რომ ვმასპინძლობთ ახალგაზრდებს, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი დღეა და მისი აღნიშვნა ბოტანიკური ბაღში უკვე ტრადიციად იქცა. ჩვენი მიზანია ავამაღლოთ საზოგადოების, ახალგაზრდობის ცნობიერება ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემის, ჩვენი ტყეების მრავალფეროვნების შესახებ. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ისტორიული არბორეტუმის ტერიტორიაზე დაირგო ელდარის ფიჭვები და განაშენიანდა არბორეტუმის ფერდობი. ვგეგმავთ, რომ გავაგრძელოთ გარემოს დაცვითი დღეების აღნიშვნა, რასაც სხვადასხვა აქტივობებით გამოვიყენებთ ბოტანიკური ბაღისა და ბიომრავალფეროვნების მიმართ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ.