ვარდნარის კოლექცია

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ვარდების კულტურა სავარაუდოდ მის დაარსებამდე ხარობდა. რაც შეეხება კოლექციას და მეცნიერულ შესწავლას, სამეცნიერო ანგარიშებიდან ცნობილია, რომ 1870 წელს უკვე არსებობდა როზარიუმი და საკოლექციო ნაკვეთზე თავმოყრილი იყო 134 ჯიშის ვარდი.

ახალი როზარიუმის კოლექციის ფორმირება დაიწყო 1947 წელს უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის მელიტა ექვთიმიშვილის თაოსნობით და ბოტანიკური ბაღის დირექტორის პროფესორ ვასილ გულისაშვილის უშუალო ხელშეწყობით. როზარიუმისათვის ბაღის ქვედა მონაკვეთში, ყვავილოვან დეკორატიული მცენარეების საკოლექციო ნაკვეთის აღმოსავლეთით, გამოიყო 500 მ2 ტერიტორია.


1964 წლიდან, კოლექციის გაფართოების მიზნით, ბაღის ზედა ნაწილში, 0,4 ჰაფართობზე ახალი ვარდნარი – როზარიუმი გაშენდა. XX საუკუნის 70-იან წლებში საკოლექციო ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო 900-მდე ვარდის ჯიში, რომლებიც შემოტანილი იყო მოსკოვის, კიევის, მინსკის, რიგის, ტაშკენტისა და სხვა ბოტანიკური ბაღებიდან და კერძო კოლექციებიდან. ამავე პერიოდში როზარიუმში ნორმალურად და ხანგრძლივად ყვაოდა 11 ჰიბრიდული ვარდი.

ახალი კოლექციის შექმნის პარალელურად, როზარიუმში მიმდინარეობდა სელექციური მუშაობა აღმოსავლეთ საქართველოს გვალვიანი რაიონებისათვის ვარდის ახალი ჯიშების გამოყვანად. მ. ექვთიმიშვილის მიერ მიღებულ იქნა ვარდის სხვადასხვა ჯგუფის (ჩაის ჰიბრიდისა და ფლორიბუნდას) ახალი ჯიშები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გაიარეს ჯიშთა გამოცდა და დაიღუპნენ.

გასული საუკუნის 70-იან წლებში მეცნიერ თანამშრომლის ჟ. ავალიშვილის მიერ გამოყვანილ იქნა რემონტანტული ხვიარა ვარდის ახალი ჯიშები: ,,დედა“, ,,შალვა“, ,,ელისო“, რომლებიც აკმაყოფილებდა ჯიშებისადმი წარდგენილ ძირითად მოთხოვნებს, დასამტკიცებლად და გასამრავლებლად გადაეცა „Word Glass“-ის ფირმას (აშშ-ის ტეხასის შტატი). ფირმიდან გამოგზავნილია ფოტომასალა, რომელზედაც ასახულია მათ მიერ გამრავლებული ჰიბრიდული ვარდის ჯიშები. სამწუხაროდ ფირმასთან კავშირი გაწყდა და არ არსებობს ინფორმაცია აღნიშნული ჯიშების დამტკიცების შესახებ.

1990-იანი წლებში ვარდების კოლექცია განადგურებამდე მივიდა, რასაც დაემატა ხანძრით გამოწვეული დიდი ზარალი. მ. ექვთიმიშვილის შემდეგ როზარიუმს დღემდე ხელმძღვანელობს ჟ. ავალიშვილი.


2000 წლიდან დაიწყო როზარიუმის განახლება. არსებულ კოლექციას შეემატა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და კერძო კოლექციებიდან შესყიდული მასალა, როგორც ძირების, ისე კალმების სახით. პერიოდულად მიმდინარეობდა მათი გამრავლება მყნობით და დაკალმებით.

2011 წელს საკოლექციო ნაკვეთზე უკვე იყო ვარდის ყველა ჯგუფის 110 ჯიშის 1000-მდე მცენარე.

დღეისათვის, როზარიუმის კოლექცია 100-ზე მეტ ჯიშის ვარდს მოიცავს, რომლებიც ვარდის სხვადასხვა ჯგუფს მიეკუთვნება. მათგან განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩაის ჰიბრიდების, ფლორიბუნდას, მინიატურების, ხვიარების, ბუჩქისებური ვარდის წარმომადგენლებს. მათი უმრავლესობა წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს აღმოსავლეთ საქართველოს სემიარიდული კლიმატის პირობებში ფართო კულტივირებისათვის.