გეორგინების კოლექცია

გეორგინა ერთ-ერთი უძველესი კულტურაა. მისი სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, კერძოდ კი მექსიკა.

გეორგინის ყვავილის წარმოშობის შესახებ, საკმაოდ ლამაზი თქმულება არსებობს: მრავალი მილიონი წლის წინათ, როდესაც დედამიწაზე გამყინვარება დაიწყო და უკანასკნელი კოცონი ჩაქრა, მის ადგილას წარმოიშვა პირველი გეორგინა. მცენარემ გადაიტანა გლობალური სიცივე და როდესაც დედამიწაზე დათბობა დაიწყო, ახალი ყლორტები ამოიტანა. ამის გამო გეორგინა სიცოცხლის ყოვლისშემძლე ძალის სიმბოლოდ ითვლება.

გეორგინები მოჰყავდათ აცტეკებისა და მაიას ტომის შვილებს და მას „აკოკოტლის“ (Acocotli) უწოდებდნენ, რაც ინდიელების ენაზე წყლის მილს, წყლიან ტუბერს (Cocotli), მწარე წამალს (Chchipftli) ნიშნავს.

ქურუმებმა სელექციის საწყისები და შეჯვარების მეთოდები შეიმუშავეს და სასურველი ზომისა და ფერის ყვავილედებს იღებდნენ.

გეორგინას ყვავილებით ამკობდნენ ტაძრებს, წარჩინებული ინდიელების სახლებს, მისი გვირგვინით ხვდებოდნენ საპატიო სტუმრებს.

ამ მცენარის ღრუიანი ღეროები გამოიყენებოდა წყლის მილებად, ხოლო ხორცოვან ტუბერებს იყენებდნენ საკვებად და სხვადასხვა სამკურნალო ნაყენების დასამზადებლად. როგორც სიმამაცისა და ძალის მომცემ სიმბოლოს, გეორგინას ყვავილებს ხატავდნენ საომარ ფარებზე, ამულეტებზე, ტანსაცმელზე, ქურუმები კი მზის სათაყვანებელ და მსხვერპლშეწირვის სხვადასხვა რიტუალში იყენებდნენ. ყოველ რვა წელიწადში ერთხელ, გეორგინას წითელ ყვავილებს უძღვნიდნენ ომის ღმერთ უცილოლოჩტლის.

პირველად ეს მცენარე ესპანელმა ექიმმა ფ. ხერნანდესმა 1651 წელს გამოქვეყნებულ შრომაში აღწერა, ხოლო ევროპაში ეს ულამაზესი მცენარე 1787 წელს, მადრიდის სამეფო ბოტანიკურ ბაღში გამოჩნდა. ამ ყვავილების სილამაზემ იმდენად აღაფრთოვანა ესპანეთის მეფე, რომ მან სპეციალური ბრძანება გამოსცა, რათა გეორგინა მხოლოდ მადრიდის ესკურიალის სამეფო ბაღში გამოეზარდათ და მისი გატანა, არა მხოლოდ სახელმწიფოდან, სამეფო ბაღიდანაც აკრძალა.

საქართველოში გეორგინების შემოტანა, სავარაუდოდ რუსეთში მის გავრცელებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ხოლო თბილისის ბოტანიკურ ბაღში 1950 წლიდან მყვავილეობის განვითარებაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახდა. 90-იანი წლების მოვლენების შემდეგ, კოლექცია თანდათან შემცირდა და ბოლოს სრულიად განადგურდა. კოლექციის აღდგენა 2001 წლიდან დაიწყო და სხვადასხვა ქვეყნების ბოტანიკური ბაღებიდან (კიევი, მინსკი), ასევე მოყვარული მეყვავილეებიდან და ჰოლანდიური ყვავილების მაღაზიაში შეძენილი ჯიშებით შეივსო.