სირინგარიუმი – იასამნის საკოლექციო ნაკვეთი


1970 წელს საფუძველი ჩაეყარა იასამნის საკოლექციო ნაკვეთს ე. წ. ,,სირინგარიუმს“. აქ თავმოყრილია იასამნის 70-მდე ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ყვავილისა და ყვავილედის სიდიდით, ფორმით, შეფერილობითა და ყვავილობის ვადებით. ცნობილია ძლიერ ბუთხუზა, ნახევრადბუთხუზა და მარტივყვავი-ლებიანი ჯიშები.

იასამნის ჯიშების ყვავილობა იწყება აპრილის შუა რიცხვებიდან, იშვიათად მარტის ბოლოდან. ყვავილობის ხანგრძლივობა 10-18 დღეა. მათი ყვავილობის დროს, უმეტეს შემთხვევაში, აღინიშნება ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მომატება, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ყვავილობის ხანგრძლივობაზე. ყვავილობის დაწყების მიხედვით არის საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშები. ძლიერი და ამავე დროს ნაზი სურნელების კოკრებისა და ყვავილების შეფერილობა მრავალგვარია – ქათქათა თეთრიდან მეწამულამდე და მუქ იისფერამდე.

იასამნის ჯიშების გამრავლება ხდება მწვანე კალმებითა და მყნობით. განსაკუთრებით ეფექტურია კვირტით მყნობა. იასამნის დარგვა უკეთესია შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. გვიან გაზაფხულზე დარგვამ შეიძლება შეაფერხოს კვირტების დაბერვის პროცესი, ან დააზიანოს ახლადგაღვიძებული კვირტები.

იასამნის მოვლითი სამუშაოებიდან უნდა აღინიშნოს მთელ სავეგეტაციო პერიოდში ნიადაგის 6-7-ჯერ გაფხვიერება, სარეველების მოცილება, ამონაყრის ამოჭრა, სასუქის შეტანა, მორწყვა. მაღალ დონეზე ჩატარებული აგროტექნიკა ხელს უწყობს მცენარის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, ამაღლებს მის დეკორატიულ მხარეებს.

იასამანი საუკეთესო მასალას წარმოადგენს დეკორატიულ მებაღეობაში. მისგან შეიძლება შეიქმნას საინტერესო ჯგუფური ნარგაობა, გაშენდეს ხეივნები, ცოცხალი ღობეები. ამას გარდა, იასამანი ეფექტურ, უაღრესად მხატვრულ ფონს უქმნის ისეთ მრავალწლიან მცენარეებს, როგორიცაა ყაყაჩოები, დელფინიუმები, ზამბახები, ფლოქსები და სხვ.